უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 თვის თავზე, თბილისში სხვადასხვა აქცია ჩატარდება - საელჩო

პუბლიკა

უკრაინის საელჩოში ბრიფინგზე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ ხვალ, 24 მარტს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვის თავზე თბილისში აქცია გაიმართება.

მისი განცხადებით, აქცია მოეწყობა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან, პარლამენტთან კი გაიმართება მარათონი. დიპლომატმა საზოგადოებას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ხვალ სრულდება ერთი თვე ომის დაწყებიდან. თბილისში ჩატარდება სხვადასხვა აქცია. 24 მარტს რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციასთან გაიმართება აქცია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ომის დაგმობასთან დაკავშირებით.

27 მარტს საქართველოს პარლამენტთან გაიმართება მარათონი, რომელსაც ატარებს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლობა პირველ ტელეარხთან ერთად. გთხოვთ, შეუერთდეთ ამ აქციებს, თითოეული ხმა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კასიანოვმა.

ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, სხვადასხვა დაწესებულებას და ორგანიზაციას უკრაინის დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართვლოდან გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, ფულადი დახმარება. ისაუბრა ასევე იმაზე, რომ ეხმარებიან ასევე საქართველოში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებსაც.

კასიანოვმა მიმართა ქართველ ხალხს, მოჰყვნენ უფრო მეტი ისტორია იმაზე, თუ როგორ უჭერენ მხარს საქართველოში უკრაინის მოქალაქეებს.

„თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია, ჩვენზე თითოეული ლოცვა შეუფასებელია“, – განაცხადა მან.