2 იანვარს სატელეფონო საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას გააგრძელებს, აშშ და მოკავშირეები მას მტკიცე პასუხს გასცემენ – ინფორმაციას თეთრი სახლის ვებგვერდი ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მტკიცე პასუხს გასცემენ რუსეთს, თუკი უკრაინაში შეჭრას გააგრძელებს. ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მომდევნო კვირიდან იწყება ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის – „არაფერი შენზე შენ გარეშე“ – მიმართ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2021 წლის ნოემბრიდან აცხადებდა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად 100 ათასამდე რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსი ჯარისკაცების აქტიური მოძრაობის შესახებ ინფორმაცია დასავლეთის ქვეყნებმა მიაწოდეს.
ამერიკული და უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საზღვრებთან ათობით ათასი რუსი სამხედროა შეკრებილი. საზღვართან გრძელდება შეიარაღებული ძალების უჩვეულო გადაადგილება.