უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, რომ ევროკავშირში 2050 წლამდე ვერ შევა - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მართალია უკრაინამ და მოლდოვამ უფრო ადრე მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი, ამის მიუხედავად, საქართველო მათ უსწრებს ყველა მიმართულებით და შეუძლია ევროკავშირში უფრო მალე გაწევრდეს.

კობახიძის თქმით, უკრაინის მეგობარი ქვეყნებიც კი ვარაუდობენ, რომ ის ევროკავშირში 2050 წლამდე ვერ შევა.

„ჩვენ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ სიმართლე წევრობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებს, ეს არის ძალიან გრძელი გზა. უკრაინასთან დაკავშირებით ღიად ამბობენ, მათ შორის, უკრაინის მიმართ მეგობრულად განწყობილი წევრებიც, რომ სავარაუდოდ, სადღაც 2050 წლისთვის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი.

მაგალითად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ეს. მათ შორის, არის ასევე ცნობილი საქართველოში ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, რომელმაც კიდევ უფრო მძიმე სურათი დახატა და განაცხადა, რომ სამუდამო მოსაცდელში შეიყვანა ევროკავშირმა როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა.

პრინციპში, მაინცდამაინც ოპტიმისტური არ არის პროგნოზები, რაც კეთდება უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით და ბევრი მიზეზი აქვს ამას. თუმცა, ჩვენ გვაქვს მეტი ოპტიმიზმის საფუძველი.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას და მოლდოვას ადრე მიენიჭა სტატუსი პოლიტიკური მიზეზების გამო, ყველა თვალსაზრისით, უკრაინა და მოლდოვა ბევრად ჩამორჩება საქართველოს – ეს ეხება დემოკრატიას, ეს ეხება კონსტიტუციურ სისტემას, ადამიანთა უფლებების დაცვას, ეს ეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ეკონომიკურ გარემოს და ა.შ. ყველა თემას უკავშირდება ეს ყველაფერი. ხატოვნად რომ ვთქვატ, ჩვენ ვართ ერთი თავით მაღლა ვიდრე უკრაინა და მოლდოვა ყველა ამ მიმართულებით.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს როდის მიენიჭა კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, ჩვენ შეგვიძლია ბევრად უფრო ადრე გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – თქვა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პროგნოზებით რისი გაკეთებაც არსებულ პრაქტიკაზე დაფუძნებით არის შესაძლებელი, თუკი საქართველო დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაშინ დიდი შანსია, რომ ის ევროკავშირის წევრი 2032-2034 წლებში გახდეს.