რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის საქართველოს მოქალაქეს, გურამ ჭიჭინაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთის გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ჭიჭინაძე სასჯელს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის.
პროკურატურის ინფორმაციით, გურამ ჭიჭინაძემ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ კონტრაქტი 2022 წლის ოქტომბერში, ოდესის ოლქში უკრაინის 28-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე გააფორმა, ხოლო წვრთნები მიკოლაივის ოლქში გაიარა, „რის შემდეგაც დაქირავებულ მებრძოლად მსახურობდა და მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში“.
უწყების განცხადებით, ჭიჭინაძემ 2022 წლის ნოემბერში სამხედრო მოქმედებების ზონა დატოვა და კიევში ჩავიდა, „სადაც 400 ათასი რუბლის ოდენობის ანაზღაურება მიიღო“, 2024 წლის თებერვალში კი უკან დაბრუნდა, ხოლო თებერვლის ბოლოს რუსმა ჯარისკაცებმა ის ტყვედ აიყვანეს.