უკრაინის ქალაქ პრილუკიზე თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის 3 წევრი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

პუბლიკა

უკრაინის საჰერო ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა 103 დრონი და დრონების იმიტატორი გაუშვა. თავდასხმის ძირითადი მიმართულება იყო ჩერნიგოვის, ხარკოვისა და ოდესის რეგიონები. ანგარიშის თანახმად, 74 დრონი განეიტრალდა.

მსხვერპლი მოჰყვა ჩერნიგოვის ოლქზე თავდასხმას. დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი ოჯახის 3 წევრი.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, იგორ კლიმენკოს თქმით, ქალაქ პრილუკში დრონი ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსის სახლს დაეცა. დაიღუპნენ მისი ცოლი, ქალიშვილი, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იყო და ერთი წლის შვილიშვილი.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომლის თქმითაც, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე 632 ბავშვი დაიღუპა.