უკრაინის რადამ იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რესპუბლიკად აღიარა

პუბლიკა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ რესპუბლიკად აღიარა და ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმო. რეზოლუციას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს განცხადებით, რადა გმობს რუსეთის მიერ პირველ და მეორე ომში იჩქერიის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, ასევე ჩეჩენი ხალხის გენოციდს, რუსეთის ცარისტული რეჟიმის მიერ 1817-1864 წლებში და საბჭოთა ხელისუფლების მიერ 1944 წელს ჩადენილ დანაშაულებს.

უმაღლესმა რადამ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე შედგეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, დამნაშავეები კი დაისაჯონ.


ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიამ დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, 1991 წელს გამოაცხადა. იმავე წელს საქართველომ მისი დამოუკიდებლობა აღიარა. იჩქერიის პირველ პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩიეს.

1994 წელს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, რასაც მოჰყვა ჩეჩნეთის პირველი ომი.

1999 წელს რუსული არმია ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მეორედ შეიჭრა და საბოლოოდ მოახერხა რესპუბლიკის დამორჩილება. ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებულ სუბიექტს ახლა რამზან კადიროვი მართავს. იჩქერიის დამოუკიდებლობის მომხრეები კი კანონიერ ხელისუფლებად ლტოლვილობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიიჩნევენ.

LB loan image desktop LB loan image mobile