უკრაინის საელჩო ასაფეთქებლებზე: იმედია, ქართული მხარე პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს

პუბლიკა

უკრაინის საელჩო აცხადებს, რომ ამოწმებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გავრცელებულ ინფორმაციას და არკვევს ყველა გარემოებას.

საქმე ეხება 5 თებერვალს უწყების განცხადებას, რომლის თანახმადაც, „უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა აღიკვეთა – ქართველმა სამართალდამცველებმა ამოიღეს კონტეინერები, რომელშიც განთავსებული იყო 6 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა“.

საქართველოში უკრაინის საელჩო იმედოვნებს, რომ ქართული მხარე ამ საქმის პოლიტიზებისგან თავს შეიკავებს.

„გამოვხატავთ დაინტერესებას და მზადყოფნას კონსტრუქციული ურთიერთობისთვის სამართალდამცავ და საქართველოს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან საქმის ყველა გარემოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად გარკვევისა და მისი რეალური ორგანიზატორების დადგენის მიზნით”. – აცხადებს საელჩო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღმოჩენილი ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოიტანეს უკრაინის მოქალაქის კუთვნილი მინივენით და გეგმავდნენ, ის დარიალის გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში წაეღოთ.

ქართულმა მხარემ ის მაშინ აღმოაჩინა, როცა მანქანას საქართველო-რუსეთის საზღვარი უნდა გადაეკვეთა, საქართველოს მხრიდან.

სუს-ის ვარაუდით, „საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“.

რონდელის ფონდის მკვლევრის, დავით ბატაშვილის შეფასებით, თუკი „სუსის მონაყოლი არსებითად სიმართლეა, საქართველომ განახორციელა საომარი აქტი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში. ან, თუკი სუსის განცხადება სრულიად ტყუილია, არის საქართველოს საინფორმაციო-პოლიტიკური პროვოკაციაა უკრაინის წინააღმდეგ”.