კობახიძე: შემაშფოთებელია — უკრაინული მხარე ცდილობს, საქართველო რუსეთის სამიზნედ აქციოს 

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე სუს-ის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ „უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი მოწყობილობის გადატანა აღიკვეთა”.

კობახიძის თქმით, „ძალიან შემაშფოთებელია, რომ უკრაინული მხარე, უკრაინელი პოლიტიკოსები ცდილობენ, საქართველო აქციოს რუსეთის სამიზნედ აბსოლუტურად ხელოვნურად”.

„როცა ამას მხარს უჭერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კონკრეტული ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის „სირცხვილიას”, ანუ „ნაცმოძრაობის აქტივისტი, კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ეს ადამიანები ვერ მალავენ თავიანთ ბოროტ ზრახვებს, მათ შორის, სახელმწიფოს მიმართ.

მათ სურდათ მეორე ფრონტი, მათ სურდათ საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება. ეს ყველაფერი ამის მორიგი გამოვლინებაა”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ „ავტოტრანსპორტის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს კონტეინერები, რომელშიც განთავსებული იყო 6 ერთეული ასაფეთქებელი მოწყობილობა”.

უწყების განცხადებით, ეს ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში სარფის გამშვები პუნქტის გავლით, უკრაინის მოქალაქის კუთვნილი მინივენით შემოიტანეს და გეგმავდნენ, ის დარიალის გავლით რუსეთის ქალაქ ვორონეჟში წაეღოთ.

ქართულმა მხარემ ის მაშინ აღმოაჩინა, როცა მანქანას საქართველო-რუსეთის საზღვარი უნდა გადაეკვეთა საქართველოს მხრიდან.

სუს-ის ვარაუდით, „საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელ ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა, ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში“.

რონდელის ფონდის მკვლევრის, დავით ბატაშვილის შეფასებით, თუკი „სუსის მონაყოლი არსებითად სიმართლეა, საქართველომ განახორციელა საომარი აქტი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში. ან, თუკი სუსის განცხადება სრულიად ტყუილია, არის საქართველოს საინფორმაციო-პოლიტიკური პროვოკაციაა უკრაინის წინააღმდეგ”.