უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშესგან გავიგეთ, რომ თვითმფრინავს არ მისცეს ნებართვა - გაფრინდაშვილი

პუბლიკა

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი „TV პირველის” ეთერში უკრაინაში საქართველოდან მოხალისეების გამგზავრების საკითხზე კომენტარს აკეთებს. როგორც ის ამბობს, წასვლის მსურველებისთვის უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშეს მიერ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს მთავრობამ არ მისცა საშუალება თვითმფრინავს, დამჯდარიყო თბილისის აეროპორტში.

„ინფორმაცია, რაც ჩვენ იქ მივიღეთ იყო უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშეს მიერ – საქართველოს მთავრობამ არ მისცა საშუალება თვითმფრინავს, რომ დამჯდარიყო თბილისის აეროპორტში. 

რომელი სტრუქტურის მიერ იყო, რომელი პიროვნების მიერ, ამის შესახებ მან არ თქვა. მან თქვა, რომ ალბათ ამაზე ხვალ ილაპარაკებს უკრაინის ელჩი”, – განაცხადა გადაცემაში ვაჟა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, ის უკრაინაში ექიმად უნდა წასულიყო. როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, ის ჯერ კიდევ 2 თვის წინ მივიდა საელჩოში და საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას სამედიცინო მიმართულებით დახმარება შესთავაზა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ის მსგავსი შეთავაზებით ომის დაწყების მეორე დღესაც მივიდა საელჩოში და დაფიქსირდა.

„დღეს 2 საათზე შემატყობინეს, რომ არის საშუალება 6 საათზე გაფრენის და თუ შეგიძლიათ, მობრძანდით”, – ამბობს გაფრინდაშვილი. 


როგორც „პუბლიკასთან“ საუბრისას ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, ქართველი მოხალისეების წასაყვანად უკრაინიდან თვითმფრინავი უნდა გამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულმა ეკიპაჟმა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო, რეისი არ შედგა. მისივე ინფორმაციით, რეისი ორგანიზებული იყო უკრაინის საელჩოს მიერ.

„პუბლიკა“ ცდილობს უკრაინის საელჩოსა და საქართველოს სხვა ოფიციალურ უწყებებთან დაკავშირებას და ინფორმაციის გადამოწმებას.