უკრაინის საგარეო კიევის რუსეთის ქალაქად მოხსენიების გამო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო Fox News-სგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს იმის გამო, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სააღდგომო წირვის პირდაპირი ტრანსლაციის დროს, ეკრანზე კიევი რუსეთის ქალაქად იყო მონიშნული.

„თუ ეს შეცდომა იყო და არა განზრახ პოლიტიკური განცხადება, უნდა მოიხადონ ბოდიში და გამოიძიონ, ვინ დაუშვა ეს შეცდომა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გეორგი ტიჰი სოციალურ ქსელში.

20 აპრილს ამერიკული არხი Fox News-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მიმდინარე სააღდგომო წირვას პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

უკრაინული მედიის ცნობით, თავდაპირველად კიევის კადრებს სწორი ტიტრი ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გამოჩნდა წარწერა „კიევი, რუსეთი“, რომელიც ეთერში რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო.