უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა მინიმუმ 110 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი - ტარანი

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ანდრი ტარანის თქმით, რუსეთმა მათ საზღვრებთან უკვე მინიმუმ 110 000 ჯარისკაცს მოუყარა თავი და სამხედროთა ეს რაოდენობა მოსკოვს გზას უხსნის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის. როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ ტარანმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის სხდომაზე ჩართვისას ისაუბრა.

„საფრთხე იზრდება ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებიდან, სადაც ჩვენი ინფორმაციით, ჯარის გადმოსროლა რუსეთის სხვა რეგიონებიდან გრძელდება. ჩვენი მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილი ჯარი 56 ბატალიონის დონის ტაქტიკური ჯგუფისგან შედგება, რაც 110 000 სამხედროს მაინც მოიცავს“, – თქვა ანდრი ტარანმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ სამხედრო ოლქები, რაც ფაქტობრივად, რუსეთის მთელ ევროპულ ნაწილს მოიცავს. ასევე უკრაინის საზღვართან გადაიტანეს საოპერაციო შტაბიც.

რუსეთის კვალდაკვალ სამხედრო მობილიზება დაიწყო ბელარუსშიც, რაც ტარანის თქმით, შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ რუსეთი იქ უახლოეს მომავალში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოებასა და კალინინგრადის ოლქის მეტად შეიარაღებას გეგმავს. ეს კი საფრთხეს გაზრდის არამარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.

უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის მზაობის შესახებ გუშინ სენატთან აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბარნსმაც ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მოქმედებები შესაძლოა, მიზნად ისახავდეს უკრაინის ხელისუფლებასა და დასავლეთზე ზეწოლას. თუმცა სამხედრო მობილიზაციის დონე იმდენად მაღალია, რომ რუსეთი მზადაა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დასაწყებადაც.

რუსეთის მიერ ჯარების თავმოყრის შესახებ გუშინ სატელეფონო საუბარში შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა. აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გერმანიისა და ამერიკის ლიდერებმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა გამოხატეს.

უკრაინის საზღვრებთან არსებულ სიტუაციას გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი კიევს და მოუწოდეს რუსეთს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ  დონბასში შექმნილ ვითარებაში NATO დაადანაშაულა.

ინტერნეტში კი ყოველდღიურად ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, სავარაუდოდ, უკრაინის საზღვრებისკენ მიმავალი რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონები. მათ შორის, ჯავშანტრანპორტიორები და ტანკები, არტილერია, საზენიტო დანადგარები და ტაქტიკური სარაკეტო სისტემები. რუსეთმა  კასპიის ზღვიდან აზოვის ზღვაში ვოლგა-დონის დამაკავშირებელი არხით დამატებითი საზღვაო ძალები გადაისროლა. ხოლო შავ ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავ ზღვაში უნდა შემოსულიყო ორი ამერიკული სამხედრო ხომალდიც, რის შესახებაც მონტროს კონვენციის თანახმად ვაშინგტონმა ანკარას შეატყობინა. თუმცა, გუშინ თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ გემების შემოყვანას ჯერჯერობით აღარ გეგმავს.