გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაევალა – საქმე დეპუტატებისთვის „კონვერტებით“ თანხის დარიგების სავარაუდო საქმეს ეხება. ინფორმაციას RBC-Ukraine ანტიკორუფციულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ანტიკორუფციული ცენტრის საჩივარი დააკმაყოფილა და გენერალურ პროკურატურას არახამიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის რეგისტრაცია დაავალა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, 19 ოქტომბერს უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მასში საუბარი იყო უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ დეპუტატებისთვის კენჭისყრებში საჭირო გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ კონვერტებით თანხის სავარაუდო დარიგებაზე.
როგორც RBC-Ukraine იუწყება, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (NABU) და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ (SAPO) განაცხადეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის გამოვლენის შესახებ, რომელშიც, გამოძიების ვერსიით, უკრაინის უმაღლესი რადას მოქმედი დეპუტატები შედიოდნენ.
გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები ქრთამს იღებდნენ უმაღლეს რადაში მათთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღების სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ.
SAPO-ს პროკურორებმა ხუთ დეპუტატს ბრალი წარუდგინეს. სავარაუდო ქრთამის ოდენობა 2 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობდა.
ამავე საქმის ფარგლებში, 2025 წლის ბოლოს, ჩხრეკა ჩატარდა დავით არახამიას თანაშემწის საცხოვრებელ სახლშიც.
სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო პერიოდები, როდესაც უკრაინის პარლამენტის წევრებისთვის „კონვერტებით“ გადაცემული ქრთამის ოდენობა თვეში 20 000 დოლარს აღწევდა.