უკვე ჩავატარეთ არჩევნები, სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება – ლუკაშენკო

პუბლიკა

„ჩვენ უკვე ჩავატარეთ არჩევნები, სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ ერთ-ერთი ქარხნის მუშებთან შეხვედრისას. ინფორმაციას Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დღეს ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ დღეს განაცხადა,  რომ მზად არის, გაუძღვეს ხალხს და, როგორც ეროვნულმა ლიდერმა, იმოქმედოს.


გუშინ, 16 აგვისტოს, მინსკში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. დედაქალაქში „თავისუფლების მარშზე“ გამოსული მოქალაქეები არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, ასევე, გმობენ პოლიციის მხრიდან ძალადობას.

„თავისუფლების მარშის“ პარალელურად შედარებით მცირე მასშტაბის აქცია გამართეს ლუკაშენკოს მხარდამჭერებმა. კონტრაქციის მონაწილეებს ქვეყნის ლიდერმა მოუწოდა, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა, ოპოზიციის მხარდამჭერებს კი „ვირთხები“ უწოდა.

ასევე, ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისისას პირობა მიიღო, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს რუსეთი სამხედრო ძალებით დაეხმარება.


9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ მე-6 ვადით იყარა კენჭი. ის 1994 წლიდან მართავს ბელარუსს. მინსკის ცენტრში მოქალაქეები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. დააკავეს ათასობით ადამიანი; დაღუპულია 2 დემონსტრანტი. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. მთავარი ოპონენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია კი აცხადებს, რომ არჩევნებში 60-70%-იანი მხარდაჭერით თავად გაიმარჯვა და არა ლუკაშენკომ.