ულტიმატუმის ენით საუბარი არ დააჩქარებს პროცესს - მინისტრი მშობლების პროტესტზე

პუბლიკა

„სამუშაო ჯგუფი ყველანაირი ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. ასეთი ფონი, სამწუხაროდ, ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას და ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი არანაირად არ დააჩქარებს პროცესს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზის ბავშვების სხვა თანმდევი დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და ყველა საჭირო პროცედურები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

„ჩვენ დღესაც მზად ვართ და ყოველთვის მზად ვიყავით, ამ ბავშვებთან მიმართებაში დაგვეფინანსებინა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი,იქნებოდა ეს რეაბილიტაცია და თუ სხვა საჭირო პროცედურები. ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმზე უარი არასდროს გვითქვამს. სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის წინ ჩემთან შეხვედრაც იყო და, სამწუხაროდ, მათი პროტესტი ისევ გაგრძელდა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები მოდის პარტნიორების მხრიდან. გვეკითხებიან , რატომ ხდება ისე, რომ ჩვენ გვიწევს პროტესტის ფონზე გადაწყვეტილებების მიღება“, – ამბობს მინისტრი.

მინისტრი ამბობს, რომ მუშაობა კონსტრუქციულ რეჟიმში, სამუშაო მაგიდასთან“ უნდა გაგრძელდეს და ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები 10 დღეზე მეტია, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს ბავშვებისთვის აუცილებელი პრეპარატი Voxzogo, რომელიც ავტორიზებულია აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ.

LB image desktop LB image mobile