სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტში 2022 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატის შეფასებით, 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა.
ქალთა თანასწორუფლებიანობის ნაწილში, ანგარიშში საუბარია სექსუალური შევიწროების შესახებ შესახებ და ნათქვამია, რომ გასულ წელს სახალხო დამცველს, აქტიურად მიმართავდნენ ქალები სექსუალური შევიწროების საკითხებზე.
ანგარიშში საუბარია, რომ მომართვები, ძირითადად, დასაქმების ადგილზე მომხდარ ფაქტებს შეეხებოდა.
„გასული წლის პრაქტიკის გათვალისწინებით, შემთხვევების უმრავლესობაში, შემავიწროებელი ხელმძღვანელი პირია, თუმცა, ზოგჯერ, თანამშრომლებს იმავე რანგის ან უფრო დაბალ პოზიციაზე მყოფი პირებიც ავიწროებენ.
მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა სამ შემთხვევაში დაადგინა ხელმძღვანელის მხრიდან დაქვემდებარებაში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება, საიდანაც, ორ შემთხვევაში მსხვერპლებს შრომითი ურთიერთობის საკუთარი სურვილით დასრულება და სამსახურის დატოვება მოუწიათ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ადგილას მომხდარ სექსუალურ შევიწროებას, საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა ორი ასეთი საქმე შეისწავლა. ორივე შემთხვევაში, შემავიწროებლების მიმართ ეფექტიანი რეაგირების ფარგლებში, სამართალდარღვევის ოქმები შედგა და საქმე შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნა, “- ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საანგარიშო წელს, ქალთა საფეხბურთო კლუბებში მოასპარეზე ფეხბურთელები კვლავ ვერ სარგებლობდნენ ჯანმრთელობის დაზღვევით და არ უნაზღაურდებოდათ მიღებული ტრავმების მკურნალობისთვის აუცილებელი პროცედურებისა და სამკურნალო მედიკამენტების ხარჯები, რაც მათი ჯანმრთელობისა და პროფესიული საქმიანობისთვის შეუქცევადი ზიანის გამოწვევის რისკებს წარმოშობს.
„სპორტსმენი ქალების თანასწორუფლებიანობის კუთხით, პრობლემურად გამოიკვეთა ერთსა და იმავე კატეგორიაში გამარჯვებული კაცების/ბიჭებისა და ქალების/გოგოებისთვის განსხვავებული საპრიზო თანხის დაწესების საკითხი ჭადრაკის სფეროში.
კერძოდ, ერთ-ერთი ღია ტურნირის ფარგლებში, რომელშიც ქალები და კაცები ერთად მონაწილეობდნენ, ფულადი პრიზები სქესის მიხედვით გაიმიჯნა – პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, კაცი მოჭადრაკე 1700 ლარს, ხოლო, ქალი – 900 ლარს მიიღებდა. სწორედ ასეთ მოპყრობაზე გაავრცელა ინფორმაცია ტურნირში მონაწილე ერთ-ერთმა ქალმა მოჭადრაკემ, “- ნათქვამია ანგარიშში.