მიუნხენის წმიდა ვახტანგ გორგასალის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, დეკანოზი თამაზ ლომიძე სამტრედიაში ქმრის მიერ მეუღლის მკვლელობას Facebook-ზე ეხმაურება. როგორც დეკანოზი წერს, არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც აქტიურად უნდა გმობდეს ქალებზე ძალადობას.
მისი აზრით, აუცილებელია, ეკლესიამ უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი დაადგინოს ქალებზე მოძალადე კაცებისთვის.
„ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ, დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის. ამასთან, ერთად ყველა ეპარქიაში, ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად გაუცნობიერებელია და უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე. ეს საციცოცხლოდ აუცილებელია“, – წერს დეკანოზი.