უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ მხარი დაუჭირა გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც აქციებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს.
ინიციატივა ჩავარდა, თუმცა კენჭისყრაზე მის სასარგებლოდ ხმა 28 დეპუტატმა მისცა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შემადგენლობაში 12 დეპუტატია.
კანონპროექტს „ქართული ოცნებიდან“ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი:
- თორნიკე ბერეკაშვილი
- ისკო დასენი
- ზაალ დუგლაძე
- ვახტანგ თურნავა
- ირაკლი კირცხალია
- სამველ მანუკიანი
- ანტონ ობოლაშვილი
- ნიკოლოზ სამხარაძე
- ალუდა ღუდუშაური
- გოდერძი ჩანქსელიანი
- ვასილ ჩიგოგიძე
- თეა წულუკიანი
- გივი ჭიჭინაძე
- გიორგი ჭყონია
„ხალხის ძალიდან“:
- გურამ მაჭარაშვილი
- ეკა სეფაშვილი.
„პუბლიკამ“ რამდენიმე დეპუტატთან დარეკვა სცადა შეკითხვით, რა გახდა მათი მხარდაჭერის მიზეზი. მათ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. უმრავლესობის წარმომადგენლების პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.
განახლება: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მისი ხმა ტექნიკური მიზეზით დაფიქსირდა:
„ძალიან კარგად ვხედავთ, რომ პარტიას, რომლის წინააღმდეგაც საკონსტიტუციო სარჩელი გვაქვს შეტანილი და რომლის გაუქმებასაც ველოდებით სრულიად ობიექტურად და ლეგიტიმურად… უბრალოდ არასერიოზულია ამ თემის აწევა“, – განაცხადა კირცხალიამ.
ჟურნალისტმა კირცხალიას ჰკითხა, რომ ის არ იმყოფებოდა დარბაზში და ვინ მისცა მის ნაცვლად ხმა, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ ეს არის სწორედ „ტექნიკური ხარვეზის მტკიცებულება“.
„ზუსტად ერთ-ერთი მტკიცებულებაა ტექნიკური ხარვეზის“, – თქვა ირაკლი კირცხალიამ.
16 სექტემბერს გახარიას პარტიის წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ თუ მხარდაჭერა „ტექნიკური ხარვეზი“ იყო, მაშინ კენჭისყრა ხელახლა უნდა ჩატარდეს.
„კენჭისყრის შედეგად უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს, მათ შორის უმრავლესობის ლიდერმა. ისინი დღეს აცხადებენ, რომ ეს შედეგები დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზით. თუ ეს მათი განცხადებით ტექნიკური ხარვეზია, მაშინ მოვითხოვთ, ხელახლა ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან, როგორც ისინი ასახელებენ ტექნიკურ ხარვეზს, ესე იგი ეს არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას.
მოვითხოვთ მოხდეს ხელახალი კენჭისყრა ამ კონკრეტულ კანონთან დაკავშირებით, რომ თითოეულ დეპუტატს ჰქონდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნათლად ნახოს, ვინ უჭერს მხარს დარჩეს რეპრესიული სამართლებრივი ნორმები ძალაში, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს უზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ „ოცნებას“ ხელახალი კენჭისყრისკენ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა გიგა ფარულავამ წარადგინა. წარდგენის დროს დეპუტატებს შეკითხვები არ დაუსვამთ.
გამოსვლით ისარგებლა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
„ასე მინავლებული ხმით რამდენიმე ტყუილი ადამიანმა თქვას, მხოლოდ ალბათ გახარიელს თუ შეუძლია, იმ გახარიელს, რომელიც 2021-25 წლებში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მასთან კავშირი შეკრა ურყევი“, – განაცხადა გორდულაძემ.
კენჭისყრის დაწყებამდე შალვა პაპუაშვილმა ორჯერ გაუსვა ხაზი, რომ კენჭსაყრელად გამოჰქონდა პარტია „საქართველოსთვის“ პროექტი:
„შემდეგი გახლავთ პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილი პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ ცვლილების პაკეტი პირველი მოსმენით.
გახლავთ ფრაქცია „საქართველოს“ პროექტი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კოლეგებო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ ასაბუთებდა გახარიას პარტია კანონპროექტს:
გახარიას პარტიის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველმა გუნდმა არაერთი რეპრესიული კანონი მიიღო, მათ შორის, ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, რაც გამოხატვისა და შეკრების ფუნდამენტურ თავისუფლებებში გაუმართლებელი ჩარევაა.
„გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები განსხვავებული აზრის შეზღუდვასა და პოლიტიკური პროტესტის დასუსტებას ემსახურება.
პარტიის შეფასებით, კანონების გამკაცრება იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი პროტესტი და კრიტიკული განწყობები განსაკუთრებით გააქტიურდა.
პარტიაში აცხადებენ, რომ მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებული სანქციები არაპროპორციულია და არსებითად ზღუდავს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს – მშვიდობიანი შეკრების, მანიფესტაციისა და თავისუფალი გამოხატვის უფლებას.
მათივე განცხადებით, დემოკრატიული საზოგადოების არსებობის აუცილებელი წინაპირობაა მოქალაქეების შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან პროტესტში და გააკრიტიკონ ხელისუფლება ყოველგვარი გაუმართლებელი შეზღუდვის გარეშე.
„დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვაინიციირებთ კანონპროექტს: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებით.
ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ 2024 წლის სამართლებრივი მდგომარეობა იდეალურია, მაგრამ ამ სტატუს კვოსთან დაბრუნებით აღდგება კონსტიტუციური ბალანსი: რაც ახლანდელი მდგომარეობით ცალსახად დარღვეულია“, – აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“.