უნდა დავიწყოთ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციაზე ფიქრი, ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მოუსმინა.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრა და სახელმწიფოს განვითარებისთვის წარმოდგენილ თვალთახედვას შორის სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია დაასახელა.

გახარიას განცხადებით, უნდა დაიწყოს ყველა იმ საწარმოს პრივატიზაციაზე ფიქრი, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან აწვება ქვეყნის ბიუჯეტს.

„სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის ამაღლება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით ჩვენ ბევრს ვიმუშავებთ და ბევრის გაკეთება მოგვიწევს.

ყველა იმ სახელმწიფო საწარმოზე, რომლის ეფექტიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ან მძიმედ აწევს ქვეყნის ბიუჯეტს, რა თქმა უნდა,  უნდა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილება და  დავიწყოთ ამ საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება, თუმცა, ამავე დროს უნდა დავიწყოთ მათ პრივატიზაციაზე ფიქრიც.

ამ ნაწილში ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ეხება სტრატეგიულ საწარმოებს და ეს არ შეიძლება გახდეს სპეკულაციის საგანი, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია საიმისოდ, რომ გავაჯანსაღოთ  ჩვენი ეკონომიკა და, ასევე, მაქსიმალურად ავამოქმედოთ ყველა ის აქტივი, რომელიც დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია“, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.