უნდა გაათავისუფლოთ საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაპატიმრებულები - გაეროს კომისარი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩლეტი განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფოებს მოუწოდებს, პანდეემიის დროს, ყურადღება მიაქციონ პატიმრებს და სწორი ნაბიჯები გადადგან საპატიმრო დაწესებულებების მიმართულებით.

კომისრის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში საპატიმრო დაწესებულებები გადატვირთულია, რაც ძალიან საშიშია, ვინაიდან, ზოგიერთ საპატიმრო დაწესებულებაში ფიზიკური დისტანციისა და თვითიზოლაციის ხელშეწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.

მიშელ ბაჩლეტის თქმით, როდესაც მთავრობები კორონავირუსის პანდემიის დროს მკაცრ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, არ უნდა დაივიწყონ ადამიანები გისოსებს მიღმა. ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ დაწესებულებებს, როგორიცაა ფსიქიატრიული დაწესებულებები, მოხუცთა და ობოლთა თავშესაფრები.

„ამ დაწესებულებების უგულებელყოფა პოტენციურად კატასტროფული შედეგის მომტანი იქნება”, – აღნიშნავს უმაღლესი კომისარი.

მისი თქმით, მთავრობებმა სწრაფად უნდა იმუშაონ მსჯავრდებულთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით. „რამდენიმე ქვეყანაში პოზიტიური ქმედებები უკვე განხორციელდა“, – აღნიშნა ბაჩლეტმა.

უმაღლესი კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებებს, გადახედონ იმ პირების გათავისუფლების საკითხებს, რომლებიც COVID-19-ის მიმართ მოწყვლად ჯგუფად ითვლება – ასეთები არიან ხანდაზმული პატიმრები და ისინი, ვისაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვთ. მათ ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ ქალ პატიმრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის სპეციფიკურ მოთხოვნებს.

„ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მთავრობებმა უნდა გაათავისუფლონ ყველა ის პირი, რომელიც დაკავებულია საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე”, – აღნიშნა კომისარმა. მისი თქმით, საყურადღებოა პოლიტპატიმრები და ის პირები, რომლებიც დააკავეს უბრალოდ კრიტიკული ან განსხვავებული შეხედულებების გამოთქმისთვის.

კომისრის რჩევით, ადამიანებმა გათავისუფლებისთანავე უნდა გაიარონ შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მიიღონ მკურნალობის ზომები.