უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა - სააკაშვილი დღევანდელ აქციაზე

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით მოსაზრება გაავრცელა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა.

„მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეს, ისევე როგორც ყველა პატრიოტს, არ შემოიფარგლოს დღევანდელი აქციით. ყველა, ვინც მოგვიწოდებს დაველოდოთ რაიმე წყალობას, ვინმეს იძულებას, პრაქტიკულად გვთხოვს მორიგ ჯერზე მოვიტყუოთ თავი. ჩვენი ევროპული მომავლის ბედი ჩვენს ხელშია.

ევროპამ მოგვცა დრო წლის ბოლომდე. იმისთვის, რომ მოხდეს დეოლიგარქიზაცია, ოლიგარქს მთავრობის სახით, მთავარი ინსტრუმენტი უნდა გამოეცალოს. უნდა შეიქნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის ნების გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, “- ამბობს მიხეილ სააკაშილი.


დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება სახელწოდებით „შინ, ევროპისკენ“.

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინასა და მოლდოვას, რომ თანდართული პირობებით კანდიდატის სტატუსი მიიღონ.

საქართველოს შემთხვევაში კი, ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და მოგვიანებით კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.