UNICEF-ის ახალი კვლევა | ბავშვების რამდენი პროცენტი არასდროს არ იკვებება სკოლაში

პუბლიკა

საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის შედეგები აჩვენებს, სასკოლო საათებში კვება მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%) იკვებება ყოველდღიურად სკოლის საათების განმავლობაში, ხოლო ბავშვების ერთ მესამდეზე მეტი (34.9%) არასდროს არ იკვებება სკოლის საათებში.

ისინი, ვინც სკოლის საათებში საკვებს არ იღებენ ხშირად ფინანსური შესაძლებლობების არმქონე ოჯახებიდან არიან და სტატისტიკურად დაახლოებით  44.9%-ს შეადგენენ.

კვლევაში ისინი მოხსენიებული არიან, როგორც მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვები.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელი მინიმალური საჭიროებებით. ისეთი საჭიროებებით, როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა, თუ სხვა.

მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების ოჯახები, რომლებიც საერთოდ არ იღებენ საკვებს სკოლის საათებში, ყველაზე ხშირად ამის მიზეზად ფინანსურ პრობლემას ასახელებენ  37.7%.

შედარებისთვის, სკოლის დროს საკვების არმიღების იგივე მიზეზი მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების მხოლოდ 3.3%-ს აქვს.

ამასთანავე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბარიერი, რომლის გამოც სასკოლო საათებში ბავშვები არ იკვებებიან, სკოლის სიახლოვეს კვების ობიექტის არარსებობაა. ეს მიზეზი შეადგენს შემთხვევების 36.4%.

მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია ქალაქისა და სოფლის მიხედვით.

სოფლად ამის მთავარი მიზეზი სკოლაში ან ახლომდებარე ტერიტორიაზე საკვები ობიექტის არარსებობაა (47.9%).

ქალაქის ტიპის დასახლებებში, საკვების ობიექტები არარსებობა სკოლაში ან მის სიახლოვეს უფრო იშვიათია (28%), მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება შემდეგი მიზეზები: არ აქვთ ფული საკვების საყიდლად ან ხემსის გასატანებლად (24.1%) და მშობლებს ეჭვი ეპარებათ ნაყიდი საკვების ხარისხში (14.2%).

როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, უფრო თვალშისაცემი განსხვავება დაფიქსირდა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის: სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად არასაკმარის თანხას ასახელებს 37.7%-ს იმ მიზეზებს შორის, თუ რატომ ვერ იკვებებიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვები სკოლის პერიოდში.

შედარებისთვის, ამავე მიზეზით სასკოლო საათებში საკვებს არ იღებს მატერიალური და სოციალური დანაკლისის არმქონე ბავშვების მხოლოდ 3.3%.

რესპონდენტთა დიდი უმრავლესობა (83.2%) დარწმუნებულია, რომ სკოლა უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის კვებას.

მეტიც, რესპონდენტთა 74.2% მზადაა ბავშვის კვებაში გადაიხადოს თანხა, თუ ფასები ხელმისაწვდომი იქნება.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ კვებაში თანხის გადახდის მსურველთა რაოდენობა მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლებს/ოჯახის წევრებს შორისაც კი 61.8%-ია.

განათლების ხელმისაწვდომობა

კვლევის ანგარიშში ერთ-ერთი ქვეთავი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხს შეეხება. მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა კანონითაა გარანტირებული, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების 27.8% არ დადიოდა საბავშვო ბაღში; მათ შორის, 21.6%-ის შემთხვევაში მიზეზი იყო ის, რომ მშობელს არ ჰქონდა სურვილი, ხოლო 6.2% ვერ ახერხებდა საბავშვო ბაღში სიარულს დაბრკოლებების გამო.

ამ შემთხვევაში ყველაზე ხშირი პრობლემაა ზოგიერთ სოფელში სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების არარსებობა და ბავშვის ჩაწერა მომლოდინეთა სიებში.

სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებებით კმაყოფილება მაღალია. იმ ბავშვთა მშობლების/ოჯახის წევრების 93.6%, რომლებიც დადის საბავშვო ბაღში, კმაყოფილია (ან ძალიან კმაყოფილია) სკოლამდელი საგანმანათლებლო მომსახურებების ხარისხით.

6-17 წლის ასაკის ბავშვების შემთხვევაში, 98.4% დადიოდა სკოლაში, უნივერსიტეტში და/ ან პროფესიულ სასწავლებელში, ხოლო 1.6% არსად არ დადიოდა.

იმ ბავშვებიდან, ვინც დადიოდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მშობლების/ოჯახის წევრების 79.7% ამ დაწესებულებების ხარისხით კმაყოფილი იყო.

6-17 წლის ასაკის ბავშვების 18.8 პროცენტს ჰყავს კერძო მასწავლებელი და ამდენივე პროცენტს აქვს სურვილი, ჰყავდეს ის, თუმცა ვერ ახერხებს. კერძო მასწავლებლის ყოლის ყველაზე ხშირი მიზეზია ფინანსების ნაკლებობა – ეს მიზეზი დასახელდა 87%-ის მიერ.

აქვე კვლევის ძირითად მიგნებებში ყურადღება გამახვილებულია და პრობლემურ საკითხადაა დასმული საგანმანათლებლო მასალების (სასკოლო მასალების გარდა) სიმწირე.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ბავშვების 45.3%-ს არ აქვს მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო ნივთი, რომლის ქონაც სურთ, მაგრამ ვერ ახერხებენ სახსრების არარსებობის გამო.

ყველაზე ხშირად ბავშვებს არ აქვთ შემდეგი საგანმანათლებლო ნივთები: ლეპტოპი/კომპიუტერი (29.1%), რასაც მოჰყვება სახატავი საშუალებები (18.5%), წიგნები (16.5%) და მუსიკის ინსტრუმენტები (10%).

ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე ჩატარებული „ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევის“ შედეგები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი.