უკვე მეორე დღეა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ტელევიზიის თანამშრომლები და „ალტერნატიული პროფკავშირების“ წევრები მაუწყებლის 3 თანამშრომლის, ბაჩო გურაბანიძის, გიორგი მურვანიძისა და გუგა ქადიძის, გათავისუფლებას აპროტესტებენ.
სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლები დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად“ აფასებენ. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი მურვანიძე „ალტერნატიული პროფკავშირების“ აქტიური წევრები და 26 ივნისს გამართული აქციის ორგანიზატორები იყვნენ. ისინი გათავისუფლებას თავიანთ აქტივობებს უკავშირებენ.
აჭარის მაუწყებლის ოფიციალური განმარტებით კი, გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე წლის 1 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ფაქტი გახდა. ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაო საათებში მოხდა თანამშრომლებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება, რომლის დროსაც მაუწყებლის თანამშრომლებმა ერთმანეთს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ჰეშტეგის“ თანამშრომელი ვანცენტ ხაბეიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 3 თანამშრომლის გათავისუფლების გამო, ტელევიზიაში თანამშრომლების უპრეცედენტო ერთობაა.
„თითქმის ვერ ნახავთ მაუწყებელში თანამშრომელს, რომელიც დირექტორის ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმება“, – ამბობს ხაბეიშვილი.
ვანცენტ ხაბეიშვილის თქმით, არხის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მენეჯმენტი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან არსებული ხელმძღვანელობა ტელევიზიაში მტრული და სამუშაოსთვის შეუფერებელი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
„თანამშრომლების უპრეცედენტო ერთობაა. აუცილებელია, მენეჯმენტმა ფორმა იცვალოს. ტელევიზიაში არის აბსოლუტურად მტრული გარემო. უნდა მოხდეს ამ გარემოს განმუხტვა, დამშვიდება, თანამშრომლებს შორის უნდა იყოს სოლიდარობა და კეთილგანწყობილი გარემო, ხელმძღვანელობა კი ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, ცხადია. „ალტერნატიული პროფესიული კავშირი“ გამოცხადებული ჰყავს მტრად და ა.შ. წარმოუდგენელი და შეუძლებელია ამ გარემოში ნორმალური ფუნქციონირება, შესაბამისად, ვითხოვთ, ამ მენეჯმენტმა იცვალოს ფორმა“, – განგვიცხადა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ თანამშრომლობის უპრეცედენტო ერთობითა და ერთად დგომით „ბევრი რამის შეცვლაა შესაძლებელი“. რაც შეეხება შეკითხვას, რა ფორმით აპირებენ პროტესტის გაგრძელებას, ხაბეიშვილი პასუხობს:
„გამოუყენებელი გაფიცვის უფლება შენარჩუნებული გვაქვს და ცხადია, შეგვიძლია, ნებისმიერ დროს გამოვიყენოთ. ამ ფორმებზე, პროტესტზე, მიდის მსჯელობა გუნდში“, – ამბობს „პუბლიკასთან“ ხაბეიშვილი.
მას ასევე ვკითხეთ, თუკი გათავისუფლებული თანამშრომლები დათხოვნის საფუძვლად პროფესიულ საქმიანობასა და ხმამაღლა გამოთქმულ პროტესტს მიიჩნევენ, ხომ არ დგანან იმავე საფრთხის წინაშე არხის მოქმედი თანამშრომლებიც, რაზეც ხაბეიშვილმა გვიპასუხა, რომ ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, არხის ხელმძღვანელობისთვის არის მტერი, შესაბამისად, ნებისმიერი მათგანი ყველა დღე ელოდება, რომ გათავისუფლების წერილი მასაც მიუვა.
„პუბლიკა“ ასევე ესაუბრა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებულ თანამშრომელს, „ალტერნატიული პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელ მალხაზ რეხვიაშვილს.
წუხელ საპროტესტო აქციაზე რეხვიაშვილმა სამი მოთხოვნა გამოაცხადა: გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა, ხელმძღვანელობის გადადგომა და პროცესებში მაუწყებლის ბორდის ჩართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეხვიაშვილის განცხადებით, მათი გადადგომის მოთხოვნაც გაჩნდება;
აქციის მონაწილეები დღეს არხის ხელმძღვანელობასთან ღია შეხვედრას მოითხოვენ.
„კიდევ ერთხელ მივცემთ შანსს, რომ თავიანთი ქმედებები გამოასწორონ, თუ არა და გადავალთ პროტესტის რადიკალურ ფორმებზე.
გვინდა, თანამშრომლების დაბრუნება მოვთხოვოთ და ღიად დაველაპარაკოთ არხზე განვითარებულ პროცესებზე – რა ხდება მაუწყებელში და რატომ ; რატომ არიან ისინი დამნაშავეები ამაში; რატომ არ შეიძლება სამსახურის სათვალთვალო კამერებით გადაღებული მასალის ეთერში გაშვება, რომ ეს არ მართლდება ე.წ. საზოგადოებრივი ინტერესით, იმიტომ, რომ ასეთი არ არსებობდა და ამის მერე ვნახოთ, რა გაგრძელება მოჰყვება. თუ მენეჯმენტი დაიხევს უკან, პროცესის რადიკალიზება აღარ მოხდება.
წითელი ხაზია უკვე, გაუშვეს სასამართლოში ორი, სამი ოთხი… სასამართლოში გვაქვს 10-ზე მეტი საქმე, შესაბამისად, სანამ სასამართლო გაიმართება, მანამდე მაუწყებელი დაიკარგება, ამიტომ საჭიროა კონკრეტული მოქმედებები“, – გვითხრა რეხვიაშვილმა.
„ალტერნატიული პროფკავშირების“ ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მსჯელობენ, როგორი ფორმა ექნება რადიკალურ პროტესტს.
„რადიკალური პროტესტი არ გულისხმობს, რომ კანონის დარღვევას ვაპირებთ. გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იქნება, თუმცა სხვა ფარგლებში, როგორიცაა, მაგალითად, სირცხვილის კორიდორი, ადამიანების დამუნათება, კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება…“, – ამბობს რეხვიაშვილი.
„პუბლიკასთან“ საუბრისას მან საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დღეს საღამოსაც დააანონსა, დღის განმავლობაში კი არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის მოლოდინი აქვთ. რეხვიაშვილი ამბობს, რომ „ალტერნატიული პროფკავშირისა“ და ტელევიზიის თანამშრომლების აქციებს პერმანენტული სახე ექნება.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი თანამშრომელი – „დილის ტალღის“ რედაქტრი ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე აცხადებენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„პუბლიკასთან“ გიორგი მურვანიძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება 30 ივლისს, საღამოს მიიღეს. თავის გათავისუფლებას პროფესიულ საქმიანობასა და ალტერნატიული პროფკავშირის საქმიანობას უკავშირებს, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც ბაჩო გურაბანიძესთან ერთადაა.
ბაჩო გურაბანიძე კი ამბობს, რომ მას გათავისუფლების საფუძვლად ერთი თვის წინ მომხდარი ინციდენტი დაუსახელეს. „ინციდენტი დასრულდა მშვიდობიანად. შიდა წარმოება დაიწყო. ორწუთიანი ინციდენტი იყო, რომელიც ხშირად ხდება ხოლმე. არასასურველია, რა თქმა უნდა, როცა მაუწყებლის შენობაში ხდება მსგავსი რაღაც, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რომ, ვთქვათ, ასეთი მკაცრი დასჯის ობიექტები გავმხდარიყავით“, – წერს ბაჩო გურაბანიძე.
მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.
„ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით“, – წერია განცხადებაში.