ურეკში პოლიციელებზე თავდასხმისთვის 13 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, დაბა ურეკში 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის (წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა), დაბა ურეკში, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მათივე თქმით, მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.