„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, თურქეთმა მსოფლიოს ეკონომიკურ ჯგუფ „ბრიქსში“ (BRICS) გაწევრების შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეიტანა.
სააგენტოს ცნობით, „ბრიქსში“ გაწევრებით, თურქეთი მიისწრაფვის მსოფლიოში გავლენის გაზრდასა და განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებისკენ, ქვეყანა „გლობალური გავლენის გაძლიერებასა და დასავლეთის გარეთ ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს”.
თურქეთს მიაჩნია, რომ დასავლეთი გეოპოლიტიკური ცენტრის პოზიციებს კარგავს და BRICS-ში გაწევრებას შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას, გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან და ჩინეთთან და გახდეს სავაჭრო მიმწოდებელი ევროკავშირსა და აზიას შორის.
სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა იმ „იმედგაცრუების ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრების რამდენიმე წლიანმა მოლოდინმა გააჩინა”.
„თურქეთი შეიძლება გახდეს ძლიერი, აყვავებული, პრესტიჟული და ეფექტური ქვეყანა, თუ ის გააუმჯობესებს ურთიერთობებს აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ერთდროულად. ნებისმიერი მეთოდი, ამის გარდა, თურქეთს მოუტანს არა სარგებელს, არამედ ზიანს”, – თქვა ერდოღანმა.
„ბლუმბერგის” ცნობით, „ბრიქსის“ გაფართოების საკითხი შესაძლოა, 22-24 ოქტომბერს ყაზანში, ორგანიზაციის სამიტზე განიხილონ.
ეკონომიკური ალიანსი 2006 წელს დაფუძნდა. ინიციატორები ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი იყვნენ.
2011 წელს ორგანიზაციას შეუერთდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. 2024 წლის იანვარში კი „ბრიქსის“ წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. წელს „ბრიქსის“ თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთია.
აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს „ბრიქსში” გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტს მოჰყვა, რომლის დროსაც ალიევმა და პუტინმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.