ურსულა ფონ დერ ლეიენი: მხარს ვუჭერთ 30-დღიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი წერს, რომ მხარს უჭერენ 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას.

ფონ დერ ლეიენის თქმით, ბურთი რუსეთის მოედანზეა.

„დღეს „მსურველთა კოალიცია“ შეიკრიბა. მხარს ვუჭერთ 30-დღიანი უპირობო და სრულად ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას. ეს უნდა განხორციელდეს წინაპირობების გარეშე, რათა გზა გაუხსნას მნიშვნელოვან სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.

ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ ძლიერი ზეწოლა რუსეთზე და დავაწესოთ დამატებითი სანქციები ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში.

ჩვენი მიზანი ნათელია: სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, – დაწერა მან.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მზად არიან, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინას და რუსეთს პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებაში დაეხმარონ.

მისივე თქმით, თუ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს, მოსკოვის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები დაწესდება.

კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა ამერიკულ ABC ნიუსს უთხრა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის დასავლეთიდან კიევისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.

„თუ ცეცხლის შეწყვეტაზე ვსაუბრობთ, რა უნდა ვქნათ იარაღის იმ მარაგთან დაკავშირებით, რომელიც ყოველდღიურად შედის აშშ-დან და ევროპიდან?

წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის უპირატესობას მოიტანს.

უკრაინა გააგრძელებს სრულ მობილიზაციას და ფრონტის ხაზზე ახალ ჯარებს გადაიყვანს. რატომ უნდა მივცეთ მსგავსი უპირატესობა უკრაინას?

პრეზიდენტი პუტინი ყველაფერს აკეთებს პრობლემის მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით მოსაგვარებლად, მაგრამ მშვიდობიანი და დიპლომატიური საშუალებების არარსებობის შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვართ სამხედრო ოპერაცია გავაგრძელოთ. ისინი მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისთვის მზად არ არიან“, – განაცხადა პესკოვმა.

დღეს, 10 მაისს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კიერ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ჩავიდნენ.