ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა - კობახიძე

პუბლიკა

„გასული ათწლეულების განმავლობაში ურწმუნოთა და უსამშობლოთა რამდენიმე თაობამ სცადა, პატრიარქის ავტორიტეტს შეხებოდა. თუმცა, მისი სიწმინდის წინაშე ყველა ეს მცდელობა უძლური აღმოჩნდა. პატრიარქის ცხოვრება და მოღვაწეობა ბოროტზე კეთილის გამარჯვების, ურწმუნობაზე რწმენის გამარჯვებისა და უსამშობლობაზე სამშობლოს გამარჯვების გამორჩეული მაგალითი იყო და იქნება მრავალი თაობისთვის“,-  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

„უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში იყო არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეპოქის განუყოფელი ნაწილი, არამედ მან თავად შექმნა ეპოქა, რომელმაც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას სულიერი და სახელმწიფოებრივი აღმავლობა მოუტანა. ამ ეპოქას ყოველ ფეხის ნაბიჯზე გასდევდა პატრიარქის გასაოცარი სიბრძნე, რომელიც იყო ღმერთის გამორჩეული საჩუქარი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ საჩუქარს თითოეული ჩვენგანისგან განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება“,- წერს კობახიძე.

დღეს, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 90 წელი შეუსრულდა.