USA2GEORGIA მზადაა, მომხმარებლებს ზედმეტად გადახდილი თანხა დაუბრუნოს - კონკურენციის სააგენტო

პუბლიკა

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კომპანია USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, რომ შეცვალოს შიდაპოლიტიკა და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომლებსაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად მიადგათ ზიანი.

სააგენტოსა და კომპანიას შორის შეთანხმების შესაბამისად, მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდებათ და შეძლებენ, რომ დაიბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა. მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა მათ „გადაფუთვის“ სერვისი მონიშნული.

„აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:

  • რომლებსაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან ჯერ არ გაუტანიათ;
  • რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს;
  • რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს, თუმცა კომპანიისგან გარკვეული რაოდენობის ფასდაკლება მიიღეს;
  • რომელთაც 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეიძინეს პროდუქცია და გადამზიდ-ექსპედიტორ კომპანიად USA2GEORGIA მიუთითეს, თუმცა მათი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში ჯერ არ დასრულებულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და რომლებთან მიმართებაშიც წონის მოცულობითი გამოთვლის პრინციპი აშშ-ს საწყობიდან გამოგზავნამდე, წინასწარ, ინდივიდუალურად არის მომხმარებელთან შეთანხმებული)“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, კომპანიამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ მომავალში პირობების შეცვლის შემთხვევაში მომხმარებლებს წინასწარ სხვადასხვა გზით აცნობოს მოსალონდელი ცვლილებების შესახებ. თანხის დასაბრუნებლად კი მომხმარებლებმა 26 მარტის ჩათვლით კომპანიის ვებგვერდზე სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ.