უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენცია გამართა. მხარეებმა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამოსვლის გეგმაზე, კონკრეტულად, ტურიზმის ჯერ შიდა, შემდეგ კი საერთაშორისო დონეზე გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გახარიამ აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის გეგმა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული და ამ მონაცემით, ერთ თვეზე მეტი დრო არსებობს საიმისოდ, რომ ტურიზმის სექტორი გასახსნელად მოემზადოს.

„გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან დიდი ხანია, არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრისას.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში  ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, უმასპინძლებს მინისტერიალს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.