უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება დროებით იზღუდება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას რიონის ხეობისკენ გზების გადაკეტვასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ „უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება”.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში დილიდან არიან მობილიზებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.

უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად.

გარდა ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.

„პოლიციის შესახებ” კანონის აღნიშნული მუხლები ითვალისწინებენ:

მუხლი 25. ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა

1. პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.

3. ამ მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება არ უნდა იწვევდეს პირის უფლების ხანგრძლივ შეზღუდვას, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილით.

მუხლი 26. პირის ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილების ან ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა

1. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს პირის გადაადგილება:

ა) თუ პირი თავისი ქმედებით საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას;

ბ) პირის მიერ ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში;

გ) დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით.

2. პოლიცია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა ან სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თუ იგი პირმა შეიძლება გამოიყენოს საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის ხელყოფისათვის ან სხვისი ნივთის დაზიანებისათვის.

3. ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვა ხორციელდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელისათვის ჩამორთმევით, მისი გადატანა-გადაზიდვის ან სხვაგვარი შეზღუდვით.

4. პირის გადაადგილებისა და ნივთის გადატანა-გადაზიდვის დროებითი შეზღუდვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ აღარ არსებობს ამ ღონისძიების განხორციელების საფუძველი.