ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მეშახტეების დღის აღსანიშნავად მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას ავრცელებს.
„მინდა მოგილოცოთ ყველას – მათ, ვისაც ტყიბულის ქვანახშირის შახტებიდან გამოაქვს საქართველოს ეკონომიკისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნედლეული და მათ, ვინც ამ ხალხს ოჯახებში ხვდებით.
აუცილებლად მინდა მოვიგონო ისინი, ვინც პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა. ეს ყველას დღეა”, – წერს თურნავა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ინვესტორ კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ტყიბულის შახტებში დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოებას ნედლეულის მოპოვებისას.
„დღეს ტყიბულის შახტები სამართავად ახალ ინვესტორს აქვს გადაცემული. მთავარი მოთხოვნა, რომელიც ჩვენ მათ მიმართ გვქონდა და გვექნება მომავალშიც, სწორედ მეშახტეთა საქმიანობისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას შეეხება. უსაფრთხოების ნორმების დაცვა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაზეც ჩვენ არ წავალთ და მინდა, ეს თითოეულმა მეშახტემ იცოდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თქმით, ისინი ინვესტორ კომპანიასთან ერთად აქტიურად მუშაობენ, რათა, პირველ რიგში თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგოს ტყიბულის შახტებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ნედლეულის მოპოვებისას უსაფრთხოებას, მაგრამ მათივე თქმით, აუცილებელია „საქნახშირის“ განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა.
„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პერიოდში ტყიბულის შახტებიდან არ შეჩერებულა ქვანახშირის მოპოვება. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ, ტყიბულში ამ მნიშვნელოვანი საწარმოს გამართული საქმიანობის უზრუნველყოფას, რომელიც წარმატებით მოემსახურება როგორც საწარმოში დასაქმებულებსა და მათ ოჯახებს, ასევე ქალაქ ტყიბულსა და მუნიციპალიტეტსა და მთლიანად საქართველოს“, – წერია განცხადებაში.