რა გველის ჩვენ და რა ელის ტყიბულს? მოვითხოვთ პასუხს – მეშახტეების განცხადება

პუბლიკა

ტყიბულელმა მეშახტეებმა ფეისბუქლაივის მეშვეობით წაიკითხეს საერთო განცხადების ტექსტი, რომელშიც ტყიბულის შახტებში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებზე ისაუბრეს და შახტის მენეჯმენტს გაცდენილი დღეების ანაზღაურება მოსთხოვეს. განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„ჩვენ, ტყიბულელი მეშახტეები, მოვითხოვთ გაცდენილი დღეების ანაზღაურებას. ჩვენ შახტში მუშაობაზე უარი ვთქვით იმ მიზეზით, რომ იქ შრომის პირობები შეუსაბამოა ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან. ეს აჩვენა რამდენიმე დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ, როდესაც ხუთი ჩვენგანი მხუთავი აირით მოიწამლა. ადმინისტრაციამ მოწამლულები საავადმყოფოში გადაიყვანა არა სასწრაფოს მანქანებით, არამედ თავიანთი პირადი ავტომობილებით იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დაემალათ.

თებერვლის დასაწყისში ტყიბულის ორი შახტიდან ერთი – ძიძიგურის სახელობის შახტი ადმინისტრაციამ რემონტის საბაბით გააჩერა. ამის შემდეგ მეშახტეებს სამუშაო ადგილამდე მისვლა სავენტილაციო გვირაბის გავლით გვიწევს. სავენტილაციო გვირაბი გადასაადგილებლად სახიფათო სივრცეა, რადგან ის ახდენს მთელი შახტის მხუთავი აირების გამოდევნას. ყოველდღიურად 4 კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევს ამ სახიფათო გარემოში. გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ე.წ დაგაზიანება, მოწამვლა და ტრაგიკული შემთხვევები.

დამსაქმებელი გვეუბნება, რომ შემდეგ თვეში დავუბრუნდებით მუშაობის ჩვეულ რეჟიმს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ შახტში დაგვხვდება ისევ ის ჯოჯოხეთური პირობები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ანგრევს და სიცოცხლის მოსპობით გვემუქრება.

შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩება მშიერი. ჩვენ სახელმწიფომ მიგვატოვა. 2018 წელს ჩვენი მეგობრების დაღუპვის შემდეგ  სახელმწიფო დაგვპირდა, რომ უზრუნველყოფდა შრომის პირობების გამოსწორებას, თუმცა შახტში არაფერი იცვლება.

შარშან შახტის გაჩერებამ იმედი გაგვიჩინა, თუმცა წელს ისევ იქ დავბრუნდით, სადაც მანამდე ვიყავით. რატომ გვაიძულეს სამუშაოების განახლება, თუ პრობლემები არ მოგვარებულა? ჩვენ ვიცით, არსებობს სახელმწიფოს დაკვეთით მომზადებული საერთაშორისო დასკვნა, რომელიც არც კი გაგვაცნეს. ის ადასტურებს შახტში არსებულ უმძიმეს პირობებს. რატომ ჩატარდა აუდიტი, თუ მისი დასკვნები არავის აინტერესებს? ვინაა პასუხისმგებელი ჩვენს უსაფრთხოებაზე? რა გველის ჩვენ და რა ელის ტყიბულს? – ვითხოვთ პასუხებს”, – აღნიშნულია მეშახტეების განცხადებაში.