EMC: ტყიბულის შახტების შესახებ აუდიტის დასკვნა სრულყოფილ სურათს ვერ აჩვენებს

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC  ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით, DMT GmbH&Co.KG მიერ, ტყიბულის შახტის შესახებ მომზადებული აუდიტის დასკვნას აფასებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დასკვნა მნიშვნელოვან და ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ინფორმაციას შეიცავს, თუმცა ამავდროულად, ის სრულყოფილ სურათს ვერ აჩვენებს.

EMC-ის განცხადებით, დასკვნის ავტორები 2018 წელს მომხდარ ფატალურ ინციდენტებს ადგილზე შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებენ და იმ აშკარა ჩავარდნებზე მიუთითებენ, რაც 2018 წელს 10 მეშახტის დაღუპვისას გამოვლინდა. „საგულისხმოა, რომ დასკვნის ავტორების აზრით, 2018 წლის ფატალური ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“.

„შახტში ვიზიტის დროს ექსპერტთა ჯგუფმა დააფიქსირა უსაფრთხოების ნორმების მძიმე დარღვევები, როგორიცაა შახტში ჩასასვლელი გზების დაზიანებული ჭერი და კედლები, მრავალ ადგილას დაზიანებული ვაგონის ლიანდაგები, უსაფრთხოების წესების დარღვევით მოწყობილი სამუშაო პლატფორმები და სხვა. დასკვნის მიხედვით, ეს დარღვევები აშკარა საფრთხეს უქმნის შახტში მყოფი და მომუშავე ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და დამსაქმებლის მხრიდან საკითხებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს“, აცხადებს EMC.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დასკვნის ავტორებს ქვანახშირის მოპოვების პროცესი არ უნახავთ – მათი ვიზიტისას მოპოვება ადგილზე უკვე შეჩერებული იყო. ამიტომ მათ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება მხოლოდ მუშაობის პროცესშია შესაძლებელი, ვერ შეაფასეს.

„ავტორები საუბრობენ იმაზეც, რომ მათი ვიზიტისთვის შახტში საგანგებოდ ემზადებოდნენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ დასკვნაში აღწერილი რეალობა შახტის სამუშაო ყოველდღიურობისგან შორსაა. დასკვნა არასრულია იმიტომაც, რომ სრული და სანდო ინფორმაცია ავტორებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მათთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის ნაწილი, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მასალა, ინგლისურ ენაზე ვერ მოიძებნა. ავტორებმა ვერც არსებული კანონმდებლობის სრულყოფილად შეფასება შეძლეს, რადგან მისი ინგლისური ვერსია მათთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა“, – აცხადებს EMC

EMC ასევე აცხადებს, რომ მინდელის შახტის აუდიტის ანგარიში მზად იყო 2019 წლის იანვარში, თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ დეკემბერში, 11 თვის შემდეგ გახდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ტყიბულელებისთვის, მათ შორის შახტში მომუშავე ადამიანებისთვის, დასკვნის შინაარსი დღემდე უცნობია, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის მხრიდან დასაქმებულთა ინტერესის უგულებელყოფაზე მიუთითებს.

„ქალაქის მცხოვრებმა, დასაქმებულებმა და ფართო საზოგადოებამ დღემდე არ იციან, არსებობს თუ არა გეგმა, რაც სახელმწიფოსა და კომპანიის შემდგომ ნაბიჯებს მოიცავს და პასუხს გასცემს მთავარ შეკითხვას, თუ რა ბედი ელის ტყიბულს“.

EMC-ისთვის გაუგებარია, რა დასკვნები გამოიტანეს სახელმწიფო უწყებებმა DMT-ის ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევიდან. განცხადების მიხედვით, პრობლემურია ისიც, რომ კვლევა, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის ხელმისაწვდომი 2019 წლის იანვრიდან გახდა, ჯერაც არ გამხდარა ფართო დისკუსიის საგანი არც ექსპერტთა შორის – როგორც ამას დასკვნა ითვალისწინებდა – და არც უშუალოდ ტყიბულში.

EMC მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:

  • არ დაუშვას შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოების განახლება და დაუყოვნებლივ შეაჩეროს ნაწილობრივ აღდგენილი სამუშაოები დასკვნაში მითითებული რეკომენდაციების შესრულებამდე;
  • DMT-ის აუდიტის ანგარიში ხელმისაწვდომი გახდეს ტყიბულის შახტში დასაქმებული და ყველა სხვა დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის ანგარიშის მეშახტეებისათვის წარდგენის და მისი ქართულ ენაზე გამოქვეყნების გზით; ასევე, დაიწყოს აქტიური შეხვედრები ადგილობრივებთან დასვკნის განხილვის მიზნით, შეიქმნას მონაწილეობითი პროცესი და ადგილობრივების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს შახტის განახლების გეგმა.
  • იმის გათვალისწინებით, რომ ჩატარებული კვლევა ზემოთნახსენები მიზეზების გამო ვერ ჩაითვლება სრულყოფილად, მოპოვების გაგრძელებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად ჩატარდეს დამატებითი გეოლოგიური, საინჟინრო და ეკოლოგიური კვლევები, რომელიც საწარმოო პროცესთან დაკავშირებულ რისკებს სრულად შეაფასებდა.
  • რეგულარულად მოხდეს ტყიბულის შახტების დასაქმებულთა, დაინტერესებულ პირთა და ასევე ფართო საზოგადოების ინფორმირება შახტში მიმდინარე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სამუშაოებთან და ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით;
  • სამუშაოების განახლებამდე დასაქმებულები სრულად იქნან უზრუნველყოფილნი ხელფასებით;
  • ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონის მოსახლეობისა და დაინტერესებული აქტორების ჩართულობით წარმოადგინოს ტყიბულის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც დაეფუძნება რეგიონის შესაძლებელობებს, გაითვალისწინებს მოსახლეობის ინტერესებს და იქნება მათი სოციალური უსაფრთხოების გარანტი.

2018 წლის აპრილში, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებულ საწარმოო შემთხვევას 6 მეშახტე შეეწირა. შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოწოდების მიუხედავად, ტყიბულის შახტებზე სამუშაო პროცესი დროებით შეჩერების შემდეგ ისევ გაგრძელდა და ივლისში სამუშაო ადგილზე კიდევ 4 მეშახტე დაიღუპა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შახტების მუშაობა შეჩერდა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოიწვია გერმანული კომპანია DMT GmbH&Co.KG, რომელსაც უნდა შეეფასებინა მინდელის შახტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები, გაეცა რეკომენდაციები რისკის შემცირებისა და სისტემური კონტროლის მექანიზმებზე და წარმოედგინა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კონცეფცია.