კოტე ერისთავი: შახტი უნდა დაიხუროს და სახელმიწიფომ ტყიბულის ალტერნატიულ განვითარებაზე იზრუნოს

პუბლიკა

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები პროეტსტის ნიშნად მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ. EMC-ის სოციალური პროგრამის დირექტორი, კოტე ერისთავი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ შახტში მუშაობა უნდა შეჩერდეს და სახელმწიფომ ტყიბულის განვითარების ალტერნატიულ გეგმაზე უნდა იფიქროს.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წარმოება შეჩერდა მანამ, სანამ აუდიტის დასკვნა არ ჩატარდებოდა და გამოძიება არ დასრულდებოდა. ეს დასკვნა ერთი წლის დაგვიანებით გახდა ხელმისაწვდომი, ისიც ინგლისურ ენაზე. ამ დასკვნაში ძალიან ბევრი რეკომენდაცია წერია. ადგილობრივებმა პირველად გაიგეს ამ დასკვნის შესახებ და ვაპირებთ ჩავიდეთ და გავაცნოთ. სახელმიწფომ საერთოდ არ იზრუნა, რომ ტყიბულელებისთვის გაეცნოთ, თუ რა ეწერა დასკვნაში. დასკვნაში წერია, რომ სანამ არ გატარდება შესაბამისი ზომები, იქ დაუშვებელია აღდგეს მუშაობა და მიუხედავად ამისა, მაინც აღდგა იქ მუშაობა. ამბავი, რომ მშრომელთა მდგომარეობა უარესდება ბევრად უფრო ცინიკური ამბავია, რადგან შახტი დახურული უნდა იყოს და საერთოდ არ უნდა მუშაობდეს“, – ამბობს ერისთავი.

EMC-ის წარმომადგენლის თქმით, სავინტილაციო გვირაბის გადაადგილებისთვის გამოყენება ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისივე თქმით, არსებობს რისკები, რომ მინდელის შახტიდან ძიძიგურის შახტამდე მისასვლელი გზა ჩაიხერგოს.

„პუბლიკა“ კომპანია Coal of Georgia-სთან დაკავშირებას ცდილობს.


ტყიბულში პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი შახტში გადაადგილებისთვის განკუთვნილი ელმავლების ტექნიკური გაუმართაობაა. ასევე, მეშახტეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ კომპანიის მიერ 26 თებერვლიდან დაანონსებულ რეორგანიზაციაზე. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ცვლილების მიხედვით, შახტში უნდა ჩავიდნენ არა ძიძიგურის, არამედ მინდელის სახელობის შახტის ჩასასვლელიდან და სავენტილაციო გვირაბის გავლით დაუკავშირდნენ ძიძიგურის შახტს.

აუდიტის დასკვნა

ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით გერმანულმა კომპანია DMT GmbH&Co.KG-მა ტყიბულის შახტის შესახებ აუდიტის დასკვნა მოამზადა. 2018 წლის აპრილში ტყიბულის შახტში საწარმოო პროცესში 6 მეშახტე დაიღუპა. შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, შახტის მუშაობა დროებითი შეჩერების შემდეგ განახლდა და ივლისში სამუშაო ადგილზე კიდევ 4 ადამიანი დაიღუპა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შახტების მუშაობა შეჩერდა. ჯანდაცვის სამინისტრომ კი DMT GmbH&Co.KG იმ მიზნით მოიწვია, რომ ორგანიზაციას უნდა შეეფასებინა მინდელის შახტში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები, გაეცა რეკომენდაციები რისკის შემცირებისა და სისტემური კონტროლის მექანიზმებზე და წარმოედგინა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების კონცეფცია.

2018 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული დასკვნის ავტორები მიუთითებენ, რომ 2018 წლის ორივე ინციდენტში, საფრთხის რამდენიმე დონით დაწევას შეეძლებოდა ტრაგიკული შედეგების პრევენცია.

„უნდა არსებობდეს ვალდებულება, რომ მომხდარი ინციდენტების ალბათობა იყოს იმდენად დაბალი, რომ შესაძლებელი გახდეს მათი უმნიშვნელოდ მიჩნევა. ამ მიზნით, უნდა განხორციელდეს მნიშვნელოვანი სამუშაოები. ის მინიმუმ, უნდა მოიცავდეს ზომებს, რომლებიც შეცვლის მინდელში სამუშაო პროცესში ჩართული ადამიანების დამოკიდებულებას რისკის აღებისა და უსაფრთხოების კულტურის მიმართ. ასეთი ვალდებულების გარეშე, არასწორი იქნებოდა საქმიანობის გაგრძელების რეკომენდება, მაშინ როდესაც არსებობს გათვითცნობიერებული ცოდნა, რომ ცვლილებების შეუსრულებლობა აუცილებლად გამოიწვევს შემდგომ ინციდენტებს“, – აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის დასკვნის სრულად სანახავად გადადით ბმულზე .