ტყიბულში პროტესტის ნიშნად მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ

პუბლიკა

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში მუშაობის გაგრძელებაზე მეშახტეები მე-3 დღეა, უარს ამბობენ. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი შახტში გადაადგილებისთვის განკუთვნილი ელმავლების ტექნიკური გაუმართაობაა.

პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, თამაზ დოლაბერიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ეს პროტესტი სამართლებრივად ვერ იქნება გაფიცვა. დოლაბერიძის შეფასებით, ეს არის იძულებითი მოცდენა, რომელიც დამსაქმებლის ბრალეულობით არის გამოწვეული.

„ისინი უარს აცხადებენ გაფუჭებული ელმავლებით იმ 3-4 კილომეტრის გავლაზე და ამის უფლება შრომის კოდექსითაც აქვთ“, – ამბობს დოლაბერიძე.

ტყიბულელი მეშახტეები, ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ კომპანიის მიერ 26 თებერვლიდან დაანონსებულ რეორგანიზაციაზე. როგორც დასაქმებულები აცხადებენ, ცვლილების მიხედვით, შახტში უნდა ჩავიდნენ არა ძიძიგურის, არამედ მინდელის სახელობის შახტის ჩასასვლელიდან და სავენტილაციო გვირაბის გავლით დაუკავშირდნენ ძიძიგურის შახტს.

„კომპანიამ ამის საფუძვლად დაასახელა ის, რომ ამ პერიოდში სანამ მეშახტეები მინდელიდან ივლიან, უნდათ, გაარემონტონ ძიძიგურის შახტის ამწევი დანადგარი. მეშახტეები მიიჩნევენ, რომ კომპანია იტყუება და გადაწყვეტილი აქვს, სამუდამოდ გააუქმოს მინდელის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი (ანუ ადგილი, საიდანაც ჩადიან), რის გამოც გამოთქვამენ პროტესტს და სვამენ ლოგიკურ შეკითხვებს, რომ, მაგალითად, ადრეც ყოფილა ამწევი დანადგარის რემონტი და ამას არ დასჭირვებია რეორგანიზაცია, სულ 3-4 დღის ამბავია ბაგირების შეცვლა და ა.შ.“, – ამბობს დოლაბერიძე.

თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკის სამინისტროში არსებულმა სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ შეამოწმა ძიძიგურის შახტის ამწევი დანადგარი. სააგენტოს დასკვნის მიხედვით, დანადგარს გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა. 26 თებერვლამდე კომპანიას უნდა შეემოწმებინა 2 ბაგირი და ლაბორატორიული დასკვნის შესაბამისი ღონისძიებები გაეტარებინა.

„ეს 4-თვიანი ვადა კომპანიამ არ გამოიყენა და თქვა, რომ 26 თებერვლიდან გავაჩერებ მუშაობას და დავიწყებ რემონტსო – აქ ძალიან დაუპირისპირდა ერთმანეთს კომპანიისა და მეშახტეების მოსაზრებები“, – ამბობს დოლაბერიძე.

„პუბლიკის“ შეკითხვაზე, რამდენად უსაფრთხოა სავენტილაციო არხით გადაადგილება, დოლაბერიძე პასუხობს, რომ გარკვეული ავარიული სიტუაციების დროს ან დამატებითი ზედამხედველობის ქვეშ ამ შახტზე მუშაობა დროებით შესაძლებელია.

„ერთმნიშვნელოვანი აკრძალვა რომელიმე კანონში ან რეგლამენტში, რომ სავენტილაციო გვირაბში არ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსად არ იძებნება. პროფკავშირი იმ პოზიციას არასოდეს დავეთანხმებით, რომ სავენტილაციო გვირაბი აქციონ ძირითად სასიარულო გვირაბად… თუმცა, თუ ეს დროებითი ღონისძიებაა, ჩემი აზრით, არ არის პრობლემა“,  – აცხადებს დოლაბერიძე.

„პუბლიკა“ კომპანია Coal of Georgia-სთან დაკავშირებას ცდილობს.