„მიმდინარეობს ჩვენი პროფესიული ღირსებისთვის შეურაცხმყოფელი, ბინძური და უსაფუძვლო ჭორების გავრცელება, თითქოს ჩვენ ვმოქმედებთ რომელიმე პოლიტიკური გავლენებიდან გამომდინარე, რაც არის სრული აბსურდი“, – განაცხადა საზმაუს ყოფილმა თანამშრომელმა, თამთა ჯანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემა „ახალი კვირის“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა დღეს მორიგი ბრიფინგი გამართეს.
ჟურნალისტებმა სახალხო დამცველს უკვე მიმართეს, გათავისუფლების ბრძანებებს კი სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათ უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავს.
„ერთადერთი, რისი დადგენა და დამტკიცებაც გვინდა, ეს არის სიმართლე, რასაც ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ სასამართლოში , ნაბიჯ-ნაბიჯ სამართლებრივი გზით, რადგან მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს (სამწუხაროდ არ ეკუთვნის), საზოგადოებას და არა ხელისუფლებასთან ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაახლოებულ რომელიმე პირს, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტშია“, – განაცხადა ჯანაძემ.