უსაფუძვლოდ და არაობიექტურად მიგვაჩნია კაჭკაჭიშვილის დადანაშაულება ავტოპლაგიატში - თსუ-ის პროფესორების ნაწილი

პუბლიკა

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები განცხადებას ავრცელებენ და  შეშფოთებას გამოვთქვამენ თსუ-ის პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის „სოციალური მოქმედების თეორიები” ავტოპლაგიატში ბრალდებასთან დაკავშირებით.

„პროფ. იაგო კაჭკაჭიშვილი 1990-იანი წლებიდან ასწავლის სოციოლოგიის მიმართულებაზე და აქტიურად არის ჩართული სასწავლო და კვლევით საქმიანობაში. ის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხავ ტექსტებს წარმოადგენს; მათ შორისაა „სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც მის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება.

მოგეხსენებათ, რომ სადისერტაციო ნაშრომები, ტრადიციულად, ხელნაწერის უფლებით სარგებლობდა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოდიოდა პუბლიკაციის სახით. ამასთან, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილი გახდებოდა (2005 წელს) და უმაღლესი განათლების ევროპეიზაციის პროცესში ჩაერთვებოდა, ჩვენს აკადემიურ სივრცეში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები ავტოპლაგიატთან დაკავშირებით.

შესაბამისად, ის, რომ წიგნში არ არის მითითებული ერთი წინადადება, რომ ის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, ტექნიკური დეტალია და ნამდვილად ვერ კლასიფიცირდება ავტოპლაგიატად, მით უმეტეს, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის (2001 წელი) გათვალისწინებით. ამასთან, რადგან ნაშრომი თეორიული სოციოლოგიის ფარგლებშია შექმნილი და სოციალური მოქმედების თეორიებს განიხილავს, ცხადია, რომ ის ცნობილი სოციოლოგების ნაშრომებს აანალიზებს და ამიტომ გაუგებარია მისი დადანაშაულება კომპილაციის ელემენტების არსებობაში. კომისიის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტი რომ ყოფილიყო, ეს მაშინვე გაცხადებული იქნებოდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ და არაობიექტურად მიგვაჩნია იაგო კაჭკაჭიშვილის დადანაშაულება ავტოპლაგიატის ჩადენაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები:

ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი;
ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი;
ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი;
ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი;
კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი;
თენგიზ ვერულავა, ასოცირებული პროფესორი;
თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი;
სალომე ნამიჭეიშვილი, ასისტენტ-პროფესორი;
შორენა თურქიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი;


შეგახსენებთ, რომ ეთიკის კომისიის დასკვნით, იაგო კაჭკაჭიშვილმა „აკადემიური კეთილსინდისიერება დაარღვია (კომისიის გადაწყვეტილება ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე).