USAID-ის მედიაპროგრამა M-TAG დასრულდა

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამა, „მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG), დასრულდა.

ორგანიზაციის ცნობით, გასული შვიდი წლის განმავლობაში, M-TAG-მა მჭიდროდ იმუშავა 15 რეგიონულ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მედიასაშუალებასთან, რომელთა შორისაც იყვნენ საგამოძიებო პროფილის მედიასაშუალებები, სათემო რადიოსადგურები, მედიასაშუალებები, რომლებიც უმცირესობებს ემსახურებიან და მედიასაშუალებები, რომელთაც ჰყავთ აუდიტორია ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, USAID-ის მხარდაჭერამ გაზეთები, რადიო და ტელეკომპანიები და ონლაინ პუბლიკაციები დინამიკურ მულტიმედია გამომცემლებად გარდაქმნა. მათ ახლა ჰყავთ დიდი და მრავალფეროვანი აუდიტორია, რომელსაც მრავალი არხის მეშვეობით სტაბილურად აწვდიან ფაქტებზე დაფუძნებულ ახალ ამბებსა და ანალიზს.

„იმ მედიასაშუალებების, რომელსაც USAID უჭერდა მხარს M-TAG-ის მეშვეობით, აუდიტორია ჯამურად 445%-ით გაიზარდა. USAID-ს სჯერა, რომ M-TAG-ის მიღწევები მდგრადია. თუ მედიას საშუალება მიეცემა თავისუფლად იმუშაოს, ის აუცილებლად განაგრძობს წვლილის შეტანას ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის წარმატებით განვითარებაში“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში.

აქვე ნათქვამია, რომ M-TAG-მა შეიმუშავა ინდვიდუალური მიდგომა ყოველი მედიასაშუალებისათვის, რომელიც კი გრძელვადიანი პარტნიორობისთვის შეირჩა, რადგან განსხვავებული იყო როგორც მათი სასტარტო პოზიციები, ისე სამუშაო გარემო.  USAID-ის დახმარებით, მედიასაშუალებებმა გაიუმჯობესეს სამუშაო გარემო, გააფართოვეს წარმოების შესაძლებლობები და გამართეს ონლაინ და მობილური ტელესტუდიები.

როგორც გავრცელებულ რელიზშია ნათქვამი, M-TAG მხარს უჭერდა მულტიმედია განათლების ცენტრს (MEC), რომელიც USAID-ის ინვესტიციით დაარსდა 2011 წელს და სადაც 1,000-ზე მეტმა სტუდენტმა და 150-ზე მეტმა მასწავლებელმა ისარგებლა აღჭურვილობითა და ლაბორატორიით.

USAID აცხადებს, რომ ორგანიზაციამ ასევე ხელი შეუწყო ეთიკის ქარტიას, რომ გამხდარიყო თვითრეგულირების უნიკალური მექანიზმი, რომელიც პატივისცემით სარგებლობს მედია სექტორში.