მასალა განახლებულია
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში გადადის.
შეიცვლება უწყების სახელწოდებაც — დაზვერვის სამსახური სუს-ის საქვეუწყებო დაწესებულებად — ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ ჩამოყალიბდება. ამას 26 კანონში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს.
სააგენტო თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებული იქნება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. ინიციირებული ცვლილებებით, სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
კანონის პროექტებით ახლებურად წესრიგდება სააგენტოს საქმიანობასა და უფლებამოსილებებთან, სააგენტოს შემადგენლობასთან, ორგანიზებასა და სტრუქტურასთან, სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობასთან, მის სამართლებრივი დაცვის გარანტიებსა და სააგენტოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.
„დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას.
ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას.
„ქართული ოცნების“ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის ავტორები არიან: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე და ვიქტორ ჯაფარიძე.