უსუფაშვილი: დღეს ჩვენ მოვისმინეთ გაბრაზებული პრეზიდენტის გამოსვლა და ჩვენ მივესალმებით ამას

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენების, შემდეგ ტრიბუნასთან პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლები გამოდიან.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ დღეს პარლამენტმა მოუსმინა საქართველოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლას.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის არცთუ ჩვეულებრივი გამოსვლა – ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა. ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, ქალბატონო სალომე, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო. გაბრაზებული არა ვინმეთი, არამედ რამეთი. გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია, არ იყო ისეთივე გაბრაზებული, როგორც ის 10 ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა.

მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ამ დონეზე გაბრაზებაც. პრეზიდენტის, რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი კანდიდატი წინა არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვიცით, ქალბატონო სალომე. „ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე. სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში ასეთი აღშფოთება და გაბრაზება არ გამოუხატავს ბევრ რამეზე, მათ შორის იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ახლა აქ უნდა იდგეს, თვალთმაქცური მეთოდებით და გადაწყვეტილებებით გააძევეთ.

…ახლა უკვე ინდივიდუალური არჩევანის დროა. პრეზიდენტმა აქ, ასეთი გამოსვლით პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანი გააკეთა. „ლელო“ მიესალმება ასეთ პოზიციას – დღეს და ახლა. იყო ეს პოლიტიკურად ნეიტრალური პრეზიდენტის გამოსვლა? – არა! იმიტომ, რომ საკითხი არა პოლიტიკას, არამედ ეროვნულ ინტერესებს ეხება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე კრიტიკული და მწვავე მოხსენებით წარსდგა. მან გააკრიტიკა ხელისუფლება და მმართველი პარტია. ასევე ისაუბრა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე.