„უვადო შიმშილობას გამოვაცხადებთ“ – ჭიათურელი მაღაროელების ნაწილი თბილისშია

პუბლიკა

ჭიათურიდან თბილისში გაფიცული მაღაროელები ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. მაღაროელები ამბობენ, რომ მათი გეგმაა, უვადო  შიმშილობა გამოაცხადონ და პარლამენტის წინ დარჩნენ.

„ჩვენ გაუბედურებულ ჭიათურაში ხელცარიელები ვერ დავბრუნდებით“, – ამბობს  ტარიელ მიქაცაძე და აღნიშნავს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, რადგან სამართალს ვერ მიაღწიეს.

„ჩვენ დავიწყეთ ჭიათურიდან. ჩვენ ვართ ის ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია, აიყოლიოს ის გულგატეხილი, ჩვენსავით გამწარებული ხალხის ჯგუფი და ერთად დავდგეთ. ერთად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. მაპატიეთ, რომ ემოციების გარეშე ვერ ვსაუბრობ ამ საკითხებზე, მაგრამ მაქვს ამის მიზეზი. არ მოგვისმინა დამსაქმებელმა, არ მოგვისმინა არც მედიატორთან ერთად, არ მოგვისმინა არც ხელისუფლების წარმომადგენელთან ერთად – გაიძახის მხოლოდ ერთს, რომ არის კრიზისულ პერიოდში და არ შეუძლია ამაზე მეტი, მაგრამ ჩემს უფლებებს რომ არღვევ, ჩემს შრომის ნაყოფიერებას რომ ზრდი, ჩემი სიცოცხლის ხარჯზე, რა პასუხს სცემ ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს. ჩემი ხელით გამომისვენებია მაღაროდან ხალხი, ტრაგიკულად დაღუპულები. ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს ჭიათურა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩვენ აქ ვართ; ჩვენ, უბრალოდ, წასასვლელი არ გვაქვს; ჩვენ გაუბედურებულ ჭიათურაში ხელცარიელები ვერ დავბრუნდებით“, – თქვა მან.

„ხელფასის 40%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-8 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.

გუშინ, პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.

„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, დასაქმებულთა მოთხოვნის შესაბამისად, მუშაობა ძველი სამუშაო გრაფიკით განაახლოს და მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადებით, „მანგანეზი“ დასაქმებულებს პირველ ეტაპზე ხელფასის 5%-იან ზრდას სთავაზობს, ასევე „ჯორჯიან მანგანეზი” მზად არის დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება.