უზენაესის კანდიდატებად პარლამენტისთვის წარსადგენად შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ ბადრი შონია, გიზო უბილავა და გოჩა ჯეირანაშვილი

პუბლიკა

უზენაეს სასამართლოში ვაკანტურ 3 თანამდებობაზე დასანიშნად  პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კონკურსში შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ ბადრი შონია, გიზო უბილავა და გოჩა ჯეირანაშვილი.

ბადრი შონია ამ ეტაპზე არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. ის ე.წ. კლანთან დაკავშირებული მოსამართლეა. ცნობილია მის მიერ მიღებული არაერთი გახმაურებული გადაწყვეტილება, მათ შორის, „ბირჟა მაფიის“ საქმე – რეპერებს სწორედ მან შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. „მონიტორმა“ 2018 წელს მოამზადა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ შონიას პროკურორად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ, თუმცა საქმე ისე დაიხურა, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროებულა.

„კლანი სასამართლო სისტემაში არ არსებობს. ამას თუ კლანს ეძახით [იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა], არ ვიცი. [სანქციები] დარტყმა არ არის. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ. წყნარად, მშვიდად ვართ აბსოლუტურად ყველა, მთელი კორპუსი“, – ეს განცხადება გააკეთა შონიამ აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ.

გიზო უბილავა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. მან 2022 წელს სოლიდარობა გამოუცხადა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს და აშშ-ში გამგზავრებაზე უარი თქვა.

„მორალური უფლება არ გვქონდა, რომ წავსულიყავით ამ ვიზიტით“, – განაცხადა მან.

გოჩა ჯეირანაშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ის ერთხელ უკვე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 2019 წელს. მაშინ საკომიტეტო მოსმენაზე ჯეირანაშვილმა უარყო, რომ არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ გავლენებს განიცდიან. მისივე პოზიციით, სასამართლოში კლანური მმართველობა არ არსებობს.

ჯეირანაშვილის კანდიდატურას 2019 წლის 12 დეკემბერს არ დაუჭირეს მხარი. უზენაესის მოსამართლეების შესარჩევი მთელი პროცესი, რომელიც 2018 წელს 10-კაციანი სიის წარდგენით დაიწყო, რასაც საპარლამენტო უმრავლესობაში განხეთქილებაც მოჰყვა, დარღვევით და ხმაურით წარიმართა. პროცესი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ქრონოლოგიურად შეაჯამა.

კონკურსის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ:

  • ირაკლი ბონდარენკო
  • გიორგი გოგინაშვილი
  • ეკატერინე კულულაშვილი
  • ზურაბ ძლიერიშვილი
  • სიმონ ჩხაიძე
  • გოჩა დიდავა
  • ნათია მერაბიშვილი
  • ლიანა კაჟაშვილი
  • ლაშა თავართქილაძე
  • ალექსანდრე კობაიძე
  • თამარ ალფაიძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტის, გურამ იმნაძის განცხადებით, კონკურსის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა ზურაბ ძლიერიშვილი, რომელიც აქამდე 10-წლიანი ვადით იყო დანიშნული უზენაეს სასამართლოში.

„ამ პოსტს ნიშნის მოგებით არ ვწერ, მაგრამ ძალიან სიმპტომატურია ძლიერიშვილის მაგალითი იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკურ ხელისუფლებასთან გადახლართული მართლმსაჯულების სისტემა. იმედი, რომ პრობლემებზე გაჩუმებით, პრინციპების დათმობით, ქვეყნისთვის და მართლმსაჯულებისთვის დამაზიანებელ მოვლენებზე დუმილით „კლანის” გულს მოიგებ და კიდევ ერთხელ დაგნიშნავენ სანუკვარ პოზიციაზე, ფუნდამენტურად არასწორია. ან ბოლომდე და მოხალისეობრივად ემსახურები სისტემას, ან შენში ეჭვი შეაქვთ და მას შემდეგ, რაც ბოლომდე გამოგიყენებენ, კარისკენ მიგითითებენ“, – წერს ის.

პროცესში მონაწილე კანდიდატებს უფლება აქვთ ეს განკარგულება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს ღია სხდომაზე, სათითაოდ ეყრება კენჭი და პარლამენტს წარედგინება ის სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 დაუჭერს მხარს.

უზენაეს სასამართლოში სამი ვაკანსიაა გამოცხადებული.

2023 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ალექსანდრე წულაძემ დატოვა თანამდებობა, რადგან ის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ამასთან, ორ მოსამართლეს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერაშვილს 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

2024 წლის 24 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსი გამოეცხადებინა არა მხოლოდ მოსამართლის ერთ ვაკანსიაზე, არამედ ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის ადგილზეც, 10-წლიანი ვადის ამოწურვამდე, ცხრა თვით ადრე.

„სასამართლო გუშაგის“ შეფასებით, ევრორეკომენდაციების შესასრულებლად გათვალისწინებული რეფორმების დაწყებამდე უზენაეს სასამართლოში კანდიდატების შესარჩევი პროცედურის დაწყება შეკითხვებს აჩენს, რადგან ნინო ბაქაქურისა და ზურაბ ძლიერიშვილის პოზიციებზე შერჩევის პროცედურა უფლებამოსილების ამოწურვამდე 9 თვით ადრე დაიწყო.