უზენაესის მოსამართლეების შერჩევის წესის შესახებ კანონპროექტი სისტემურ პრობლემებს ვერ პასუხობს - ომბუდსმენი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ახალ კანონპროექტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები ფრაგმენტულად კონცენტრირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის გარკვეულ ასპექტებზე და კვლავ გადაუჭრელი რჩება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მთავარი რეკომენდაციები პროცესის ხარვეზიანობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია ის, რომ ცვლილება ძალაში ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე გადაწყვეტილებების ფარულად მიღების არსებულ წესს, რაც, მისი შეფასებით, სერიოზულ პრობლემას ქმნის შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის თვალსაზრისით.

„ცვლილებების წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს არა საკუთრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატების სხვადასხვა ეტაპზე გადასვლის თაობაზე) დასაბუთებას, არამედ „საბჭოს მდივნის დასაბუთებას“, რომელიც აღწერილობითი ხასიათისაა, შეიცავს ჩატარებული პროცედურის აღწერას და შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა ზოგად დახასიათებას. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისთვის და არც ერთ შემთხვევაში არ მიუთითებს იმ მოტივებზე, რის გამოც საბჭომ სხვებისგან გამოარჩია კონკრეტული კანდიდატი. ამდენად, ცვლილება არ აუმჯობესებს არსებულ პროცედურას და მიღებულ გადაწყვეტილებას დასაბუთებულად არ აქცევს.

კანონპროექტის მეორე სიახლე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური მექანიზმის შემოღებაა. კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენაზე უარის თქმის შესახებ განმეორებით მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. ამგვარად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჩივრის განმხილველი ორგანო დაადგენს დარღვევას, ეს არ იქნება მბოჭავი საბჭოსთვის, რადგან მისი აღსრულების ეფექტური მექანიზმი არ იარსებებს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. ამ ორგანოს წევრები დღეს უკვე არიან ის მოსამართლეები, რომლებიც პარლამენტმა მოქმედი ხარვეზიანი პროცედურის ფარგლებში აირჩია გასული წლის დეკემბერში. მაშინ, როდესაც თვით ამ მოსამართლეების შერჩევის პროცესში ადგილი არ ჰქონია დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო შერჩევის პროცესმა საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებები ჰპოვა ყველა მნიშვნელოვანი აქტორის მხრიდან (არჩეული მოსამართლეების ნაწილის როგორც კეთილსინდისიერება, ასევე კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დადგა) ბუნებრივია, რომ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც ვერ ექნება ნდობა“, – წერს სახალხო დამცველის აპარატი სოციალურ ქსელში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ომბუდსმენის შეფასებით, კანონპროექტი ვერ პასუხობს სისტემურ პრობლემებს, რომლებსაც ადგილი აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში და მათი მოგვარების მხოლოდ ნომინალურ მცდელობას წარმოადგენს.