უზრუნველყავით ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა - NCDC „ალმას“ მიმართავს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კომპანია „ალმას“ წერილით მიმართავს და აცრის მხარდამჭერი ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს.

„NCDC-სთვის მასმედიის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, მოხდა სხვა შინაარსის ბანერების განთავსება, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იმავე დღეს გააკეთა სათანადო განცხადება.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში. ამ მიზნით იყენებს სხვადასახვა სახის საინფორმაციო და მედია საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრებისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწოდებებს ქვეყანაში.

სასიცოცხლოდ აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იქნას მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათობით იღუპება, ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.

ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა.

ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად.

მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, – ნათქვამია წერილში.

კომპანია „ალმა“, რომელიც თბილისში ბანერებს ფლობს, აცხადებს, რომ სარეკლამო ბანერების შინაარსთან შეხება არ აქვთ. კომპანიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია ისიც, რომ სრულად ემიჯნებიან სიძულვილის და აგრესიის გამომხატველ ქმედებებს.