„ვაჭრობა“, „ულტიმატუმი“, „აბსურდი“ - როგორ აფასებს ოპოზიცია „ოცნების“ ინიციატივას საარჩევნო ბარიერის შესახებ

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას საარჩევნო ბარიერის შესახებ აკრიტიკებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, დეპუტატ ხათუნა სამნიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძის განცხადება იყო მიზანმიმართულად გაკეთებული, დღეს დაგეგმილი შეხვედრის წინ და შეეცადა სიტუაციის დეესკალაციას. სამნიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ევროპული საბჭოს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ოპოზიციამ კიდევ უნდა სცადოს „ქართულ ოცნებასთან საუბარი.

„ის ვერ შეძლებს ვითარების რადიკალიზაციას, პარტიები მაინც ჩავერთვებით პროცესში, რომ  ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, რომ 12 პუნქტი შესრულდეს და ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პუნქტია ბარიერის საკითხი, რომელიც არის დეპოლარიზაციისკენ გადაგმული ნაბიჯი და მისი შანტაჟის ენით საუბარი ევროკავშირთან, ეს სამარცხვინო საუბარი ევროკავშირთან არ გაუვა, რადგან მან თავადაც კარგად იცის, რომ ასე არ მუშაობს ევროკავშირი. სტატუსის მონიჭების პირობა 12 პუნქტის შესრულება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირს პრაქტიკულად ულტიმატუმი წაუყენა. მისივე თქმით, დეპოლარიზაცია მდგომარეობს იმაში, რომ მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყვნენ მთავარი პარტიები ქართულ პოლიტიკაში, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებებში 2%-იანი ბარიერი უნდა აისახოს, რათა სხვა პარტიებსაც ჰქონდეთ ქართულ პოლიტიკაში შესვლის საშუალება.

„პრაქტიკულად ირაკლი კობახიძემ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს, რაც არის აბსურდი, რადგან ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირს დამატებითი ულტიმატუმები წავუყენოთ. ასეთი რიტორიკით და განცხადებებით კიდევ უფრო აშორებენ საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის შესახებ და ხელს უწყობენ ქვეყანაში რუსული ნარატივის გაგრძელებას“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

კობახიძის ინიციატივას „პოლიტიკურ ვაჭრობას“ უწოდებს „ლელოს“ წევრი გიგოლ გეგელია:

„ეს იყო პოლიტიკური ვაჭრობა, იმ ავანტიურიზმისა და შანტაჟის პოლიტიკური ენის გაგრძელება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწევა, ტრაგიკულია, რომ ამ შანტაჟს ეწევა არა მხოლოდ ქართული ოპოზიციის მიმართ, არამედ სრულიად პოლიტიკური დასავლეთის მიმართ და წინააღმდეგ. დღეს ჩვენ მოვისმინეთ ეს სამარცხვინო რიტორიკა, რომელიც დასაშვებად მიიჩნევს, რომ საქართველოს ისტორიით ივაჭრო, რომ 2 და 3% გამოაჩინო განხილვის საკითხად და არა საქართველოს გეოპოლიტიკური არჩევანი, ამ ქვეყნის მომავალი, ისტორია, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური განვითარების პერსპექტივა“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი ანა ბუჩუკი აღნიშნავს, რომ მისი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო ბარიერი ვაჭრობის საგანი გახდეს როგორც „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასევე ოპოზიციური სპექტრიდან.

,,ჩვენი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ საარჩევნო ბარიერის საკითხი ვაჭრობის საგანი გახდეს და ვინმემ – ვგულისხმობ როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, ეს საკითხი გახადოს, დაარქვას ან გაასაღოს როგორც ერთგვარი კომპრომისი ან გამარჯვება – ასე შეფუთოს ჩვენი საზოგადოების წინაშე. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერის საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება ეს საკითხი იყოს ნომერ პირველი პრიორიტეტი ნებისმიერი მხარისთვის და არ შეიძლება, რომ უმნიშვნელოვანესმა საკითხებმა, რომელზეც ჩვენ საშინაო დავალება გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან, გადაინაცვლოს და ის მეორეხარისხოვანი გახდეს. ასევე, კატეგორიულად მიუღებელი იქნება ნებისმიერი პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში ოპოზიციას ვგულისხმობ, რომ საარჩევნო ბარიერის ვაჭრობით შემდეგ პარლამენტში შესვლა გაცვალოს იმ რეალური პრობლემების მოგვარებაში, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი ქვეყანაში დაპირისპირების გამომწვევი გახდება.

„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ყველას მიერ, რომ ჩვენ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში შემდგომი არჩევნები ჩატარდეს გახსნილ, პლურალისტურ გარემოში, სადაც განსხვავებულ პარტიებს, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ექნებათ საშუალება გადალახონ ბარიერი და პარლამენტში შემოვიდნენ.

ეს თუ არ მოხდა და 5%-იანი ბარიერის პირობებში მხოლოდ ორმა პარტიამ შეძლო პარლამენტში შემოსვლა, ეს ამ ქვეყანას იმდაგვარი დაპირისპირების წინაშე დააყენებს, რომელიც მთელი ეს 30 წელია არსებობს და რამაც ცუდის მეტი არაფერი მოგვიტანა“, – განაცხადა იოსელიანმა.


საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტში პირველი მოსმენა აქვს გავლილი. 2022 წლის 13 ივნისს განხილვა კიდევ 2 თვით გადავადდა.

ცვლილებებით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.

„[საქართველომ უნდა] უპასუხოს პოლიტიკური პოლარიზაციის პრობლემას, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობით“, – ასეთია ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია.

რეკომენდაციაა, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის მეტად გაუმჯობესება ეუთო/ოდირ-ის და ევროსაბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორებით;

რაც შეეხება „მიშელის შეთანხმებას“, ტექსტში აღნიშნულია, რომ არსებული პოლიტიკური უთანხმოების დასასრულებლად ერთ-ერთ პუნქტად გაწერილია ამბიციური საარჩევნო რეფორმა, რომელიც, მათ შორის, ადგილობრივი არჩევნების 2,5-3%-იანი, ხოლო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერით გამართვას გულისხმობს.