ვადამდელი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ გადადგეს მთავრობა და პრემიერი – სერგი კაპანაძე

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, რას ნიშნავს გარდამავალი მთავრობა და რა იქნება მათი კონკრეტული მოთხოვნა.

„პირველი,  ისევ არის პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. ეს არის შესაძლებელი, რომ გაკეთდეს შემდეგი ერთი თვისა და რამდენიმე დღის განმავლობაში. მეორე – ვადამდელი არჩევნები. დღეს გამოჩნდა, რომ ბიძინას არ შესწევს ძალა, მართოს ქვეყანა, პრაქტიკულად, უმრავლესობა არ ჰყავს. ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა, რომელიც დღეს გავაჟღერეთ.

რაც შეეხება დროებით მთავრობას, ესეც ამ მოთხოვნების ნაწილია. ნებისმიერ შემთხვევაში, ვადამდელი არჩევნები ნიშნავს იმას, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი. ისე არ გამოდის ვადამდელი არჩევნები, იურიდიულად. შესაბამისად, ვადამდელი არჩევნები უნდა გამართოს არა გახარიამ, არამედ სხვა, გარდამავალმა, დროებითმა მთავრობამ“,- – ამბობს სერგი კაპანაძე.

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

კენჭისყრის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა პარლამენტთან. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებდნენ. კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტთან დაიწყეს შეკრება. ოპოზიციურმა პარტიებმა კი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართეს შეხვედრა და ძირითად მოთხოვნებზე შეთანხმდნენ. სამოქმედო გეგმა აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა  გაახმაურა. აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

 

LB loan image desktop LB loan image mobile