ვადასტურებთ, რომ გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში დარჩა – სუს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს, რომ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში დარჩა.

„ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისa და ადგილზე უსაფრთხოების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და  აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას“, – ნათქვამია გავრცელებულ განხცადებაში.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ე.წ. ცხინვალის სასამართლომ ექიმს 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა.

წინა სხდომაზე, 13 დეკემბერს, დე ფაქტო მოსამართლემ, ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.


ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.