ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა „პირველი არხის“ ცნობით განაცხადა.
„ჩვენ უკვე მოვახდინეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ჩვენი მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ესაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს.
ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება, ისევე, როგორც ადამიანის უფლებების სხვა მწვავე დარღვევები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მკაფიოდ დააყენა 14 ნოემბერს კონფლიქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვის დროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ასევე ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. აღნიშნული საკითხი განხილვის მნიშვნელოვანი თემა იქნება მომავალ კვირას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მომავალი რაუნდის მომზადებისას“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
**********
ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მერვე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.
საოკუპაციო ძალების ტყვეობაში მყოფ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა გუშინ შეუფარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.