საია მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად იმუშაოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციური რეჟიმის უკანონო პატიმრის გათავისუფლებაზე

პუბლიკა

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, ამ დროისათვის არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ადგილსამყოფელის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობის შესახებ.

საია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

– სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხზე;

– მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლო საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები, რათა დაიძლიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისი და იქ მცხოვრებ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ საბაზისო საჭიროებები, მათ შორის მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება.

საერთაშორისო თანამეგობრობასა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს:

– დაეხმაროს ქართულ მხარეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში.

– გაააქტიურონ ძალისხმევა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უფლებების მასობრივი დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი წარმომადგენლობის სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად.

 

LB loan image desktop LB loan image mobile