ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა

პუბლიკა

საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ თამილა ლაფანაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საბჭოში შედიან პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე,  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი.

„ყველა, ამჯერად ველოდებით პარასკევს, რადგან სასამართლო სხდომაა ჩანიშნული. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოდ გადაწყდება და საბოლოოდ, ვაჟა გათავისუფლდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციას, შემეხმიანენ პრემიერის კაბინეტიდან. პირადად მე მას არ შევხვედრივარ, მაგრამ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გამიზიარეს იმათმაც, რას აკეთებს სახელმწიფო, სხვადასხვა სამინისტროები და ორგანოები. მეც გავუზიარე ის თუ რას ვაპირებთ ოჯახი.

იმდენად არაორდინალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით ყველანი, რომ ძალიან მძიმეა ეს ოჯახისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ჩვენთვის ძალიან დიდი წნეხია. გარდა იმისა, რომ წნეხია, როგორც საზოგადოებრივი აზრის ყველანაირი გათვალისწინებით, ასევე იმით, რომ ჩვენ ტყვე გვყავს გამოსახსნელი საპყრობილედან. ამისთვის ვმუშაობთ. მე არასდროს მითქვამს, რომ სახელმწიფო ორგანოები არაფერს აკეთებენ. აქტიურად მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ყველას გვინდა შედეგი“, –  ამბობს თამილა ლაფანაშვილი.

LB loan image desktop LB loan image mobile