ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არსებულ ვითარებასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომლები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები. ტერიტორიაზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ტექნიკაც.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილია უკრაინის მოქალაქის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესი. პოლიციის შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე სხდომის პარალელურად, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს, შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის – მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით.

კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, ”  – ამბობენ უწყებაში.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დღეს თავის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა მედიას დაუდასტურა ინფორმაცია. პროცესი 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლო შენობის ეზოში არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს.

დღეს სასამართლო მოსმენა უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).

ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.